სასაზღვრო პოლიცია განცხადებას ავრცელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს, რომელიც განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“პირველ რიგში, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუდიტის ანგარიში შეეხება 2019-2020 წლების პერიოდს და არ მოიცავს ინფორმაციას შემდგომ წლებში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროგრესის შესახებ.
აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე არ არის ასახული მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ყოველდღიურ რეჟიმში, არაერთი მიმართულებით ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს და ნერგავს თანამედროვე სიახლეებს, რომლებიც საზღვრის დაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. 2022 წელს დამტკიცდა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სამოქმედო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელშიც წლების მიხედვით გაწერილია თითოეული სამინისტროს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეფორმები და მომდევნო წლებში შესასრულებელი სტრატეგიული ამოცანები.
ამავე სტრატეგიაშია ასახული სასაზღვრო პოლიციის განვითარების გეგმაც, რასაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა 2023-2027 წლების სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია. აუდიტის ანგარიშში ასახულია ინფორმაცია სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკში აუდიტის საანგარიშო პერიოდში არსებული მდგომარეობის შესახებ. დღეის მდგომარეობით, ანგარიშში არსებული პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია. კერძოდ: საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა პოლიციური, სამძებრო, სამაშველო და სატრანსპორტო ფუნქციების შესასრულებლად აღჭურვილი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, „Airbus Helicopters“ -ს ფირმის ,,H 145“-ის მოდელის 3 ახალი შვეულმფრენის შეძენა. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
„H145“ ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. პირველი შვეულმფრენი საქართველოში წლის ბოლოს შემოვა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მიმდინარეობს მოქმედი საფრენი საშუალებების რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების ჩატარება და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო გარდაიქმნა სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტად. მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მფრინავების ფორმა-აღჭურვილობა. ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, მოწესრიგდა სამართლებრივი რეგულაციები. რაც შეეხება სანაპირო დაცვას: 2019-2020 წლის საანგარიშო პერიოდის აუდიტის ანგარიშში საუბარია სანაპირო დაცვის დეპარტამენტში არსებული ხარვეზების შესახებ.
გვსურს გაცნობოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ: ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, რის შედეგადაც NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმება საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, 2023 წელს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მიზნით, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.