რუსეთის ახალ საგარეო კონცეფციაში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთია ნახსენები
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.
ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე თქვა.
სხვა საკითხებთან ერთად, კონცეფციის ერთი თავი შეეხება რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობას.
ამ ჭრილში ნათქვამია, რომ რუსეთი მის მიმართ კეთილმეზობლურად განწყობილი ქვეყნების ან კონსტრუქციულად განწყობილი ქვეყნები განვითარებას შეუწყობს ხელს.
“კრიზისების მიმართ საერთაშორისო მდგრადობის სისტემის ამაღლების მიზნით; მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის; შეიარაღებული კონფლიქტების შედეგების აღმოფხვრის მიზნით; 2030 წლამდე მსოფლიოში რუსეთის პოზიტიური აღქმის მიზნით, რუსეთის ფედერაცია გეგმავს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო განვითარებას და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების, დსთ-ს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების რომლებიც ინარჩუნებენ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს; ასევე, განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – ნათქვამია კონცეფციაში.