ლევან ბეჟაშვილი: მივიღებთ ოპოზიციასთან მიმართებით პრეზიდენტის კრიტიკას

საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ხალხის მხარეს დადგება თუ მთავრობის მხარეს, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კარგი და ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მივიღებთ ასევე იმ კრიტიკასაც, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუმცა ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაზეა მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე. ის პრობლემები, რომელზეც დღეს ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა – ანტიდასავლური კამპანია, ომის თემატიკა და ასე შემდეგ, შემთხვევითი არ არის, რადგან გარდა იმისა, რა წარმატებებიც თქვენ ახსენეთ ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი წინა ხელისუფლების დამსახურებებიც იყო, ეს ეხება როგორც შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდს, ასევე ყველა ჩვენგანს, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მონაპოვარი იყო. ამასთანავე, არსებობდა კიდევ პარალელური განვითარება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო ვერტიკალში, რომელმაც ამ შედეგებამდე მიგვიყვანა. საუბარია იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებების მცდელობა და ამ გეგმის განხორციელება მთელი ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ გეგმის ნაწილი იყო ქვეყნის უახლოესი ისტორიის გაყალბება და ისტორიის ნაწილის წაშლა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები