რობინ დანიგანი: საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე

საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში განაცხადა.

მისი თქმით, ის იმუშავებს საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დაეხმაროს მათ, განახორციელონ ევროკავშირთან, ნატო-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციის სურვილი და დემოკრატიული მომავლის წინსვლა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მეორე, დამტკიცების შემთხვევაში, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, განახორციელონ ევროკავშირთან, ნატო-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციის სურვილი და დემოკრატიული მომავლის წინსვლა.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს, არამედ ღრმად მჯერა, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც არის. ჩვენ გვსურს დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული დასავლეთთან, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და შეუძლია გაუძლოს რუსეთის მავნე ქმედებების ზეწოლას. საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია გასული 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული შემაშფოთებელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას, მათ შორის აშშ-ის ექსპორტისა და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდით.

ჩემი საბოლოო პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და გაერო-ს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები