თენგიზ ცერცვაძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ძირითადი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია, იქ თანამედროვე ტიპის სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ძირითადი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია და იქ თანამედროვე ტიპის სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია. ამის შესახებ ცერცვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცერცვაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანას ერთი მრავალპროფილური, დიდი, მძლავრი, მინიმუმ 400-500 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

„ჩემი პოზიცია ასეთია: სახელმწიფოს აუცილებლად და უპირობოდ სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები. იცით, როდესაც თავის დროზე ჯანდაცვის სექტორში პრივატიზაცია განხორციელდა, ცოტა გადავამლაშეთ. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი კერძო მფლობელების ხელში გადავიდა, პროცენტულად გაცილებით მეტი, ვიდრე საერთაშორისო პრაქტიკით ყველაზე წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებშია. ეს კარგი არ გამოდგა. პრაქტიკულად, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ერთეული სამედიცინო დაწესებულებები რჩება, რაც ხელმისაწვდომობას და ხარისხსაც ზღუდავს. კერძო სექტორს კონკურენტუნარიან გარემოში საქმიანობა არ უხდება. არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ, ზოგადად, ფართო მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებას დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, წამყვანი კერძო სექტორი უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფოს თავის მმართველობაში გარკვეული წილი უნდა ჰქონდეს, რითაც ამ დარგებს კონკურენტუნარიანს გახდის.
სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება ქვეყანაში ერთი მაინც მრავალპროფილური, დიდი, მძლავრი საუნივერსიტეტო კლინიკა. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს საკვანძო დარგები, ისეთები – როგორიცაა დიდი მულტიპროფილური, ზოგადი საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, ინფექციური, ტუბერკულოზის, ფსიქიატრიული კლინიკა, კიდევ რამდენიმე ასეთი მიმართულების კლინიკები. ინფექციურ დაავადებებში ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა, 10 წელი ეს პრობლემაც გადაუწყვეტელი იყო.  2009 წელს  ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია და შენობა-ნაგებობები გაიყიდა, „ავერსი ფარმამ“ შეიძინა, ისე, რომ მენეჯმენტი არ შეუძენია.   ჰაერში გამოკიდებულები  დავრჩით. სახელმწიფო იძულებული გახდა,  ისევ ის შენობა- ნაგებობები  და ტერიტორია იჯარით აეღო, მდგუმრების როლში  ვართ ,  10 წელზე მეტია ასე გვიხდება მუშაობა. ეს ჯანსაღი სიტუაცია არ არის. კიდევ კარგი, რომ ამას ბოლო მოეღო. გეტყვით,  რომ სახელმწიფომ შეიძინა ახლადაშენებული,  სამედიცინო  დანიშნულების კორპუსი, ღუდუშაურის  საავადმყოფოს  პირდაპირ, ეს ულტრათანამედროვე შენობაა, სადაც  სარეკონსტრუქციო და  სარემონტო სამუშაოები მიდის. შემოდგომაზე ძალიან კარგ კლინიკაში, ინფექციურში ახალმოსახლეობა გვექნება. ანუ, ინფექციურის პრობლემა მოგვარებულია.

ჩემი მოსაზრება ასეთია: როგორც აღვნიშნე, ქვეყანას ერთი მრავალპროფილური, დიდი მძლავრი, მინიმუმ 400-500 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს. დღეს ასეთი საავადმყოფო არათუ სახელმწიფო დაქვემდებარებაში არ არის, არამედ არც კერძო სექტორშია. კერძო სექტორის კლინიკები არცერთი არ არის მულტიპროფილური, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე, არცერთი არ არის საუნივერსიტეტო კლინიკის ტიპის, რომ იქ მაღალი დონის სწავლებაც იყოს უზრუნველყოფილი და სამედიცინო მომსახურებაც. სად უნდა იყოს ასეთი საავადმყოფო? რა თქმა უნდა, ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაა. ყველაფერი დანარჩენი იქნება მანიპულირება და სპეკულირება. იქ ამისთვის ყველა პირობაა: ძალიან დიდი ფართობი, სატრანსპორტო თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცენტრალურ რაიონშია, ამავე დროს, მთლად ცენტრშიც არა. იქვე გვერდითაა ძირითადი სამედიცინო უნივერსიტეტი, იქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ძალიან სერიოზული, ულტრათანამედროვე კლინიკა. ის, რაც დღესაა, ამ სახით მისი შენარჩუნება სწორი არ იქნება, ვინაიდან ის ამორტიზებულია, ფაქტობრივად, ორ ათეულ წელზე მეტია ქართული სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვერ ასრულებს. კი, იქ მაღალი დონის კლინიკებია შენარჩუნებული, ასევე, არის მაღალპროფესიონალური დონის სამედიცინო პერსონალი, მაგრამ ის რესურსი და ფართობი, რაც უნდა იყოს, სულ 10 %-ით, ან შეიძლება 15% – ითაა გამოყენებული. შენობის ძირითადი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია და იქ თანამედროვე ტიპის სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია. გასული 2 ათეული წლის მანძილზე იყო რამდენიმე მცდელობა, განსაკუთრებით – წინა ხელისუფლების დროს. ძველი ხელისუფლების დროს რესპუბლიკური საავადმყოფო 2-ჯერ, თუ 3-ჯერ გაიხსნა. გახსნა იყო ფასადური, ბუტაფორიული. რეალურად იქ კოსმეტიკური შელამაზება და გარემონტება მოხდა. გაიხსნა და ისევ დაიხურა. ვერ ფუნქციონირებდა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც უნდა ყოფილიყო. არაერთი გეგმა შედგა, პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე რადიკალურად ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში ორი მტკივნეული საკითხი იკვეთება. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო პერონალის ინეტერესები როგორც ღირსეული დასაქმების, ისე ანაზღაურების მხრივ დაცული უნდა იყოს.

„ძალიან მტკივნეულია ორი საკითხი: როგორ უნდა მოხდეს ამ საავადმყოფოს ტერიტორიის ოპტიმალური გამოყნება, უნდა აშენდეს მთლიანად ახალი შენობა, თუ შეიძლება, ისევ ძველის რეაბილიტაციის მცდელობა. ამ საკითხზე ექსპერტად ვერ გამოვდგები. ამაზე დასკვნა არქიტექტორებმა, შესაბამისი დარგის მუშაკებმა დადეს. რამდენადაც ვიცი, დასკვნაა, რომ თუ გვინდა, სრულფასოვანი, ევროპული ტიპის საავადმყოფო მივიღოთ, სჯობს, ახალი შენობა, ახალი სტანდარტებით აშენდეს. მით უმეტეს, 2025 წლიდან საქართველოში საერთაშორისო ევროპული და ამერიკული სტანდარტები შემოვა. ყველა სამედიცინო დაწესებულებას მოთხოვნა წარედგინება, რომ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამიტომაცაა, რომ ის 2025 წლიდან შემოდის და არა წელსვე. საავადმყოფოების უდიდესი ნაწილი ამისთვის მზად არაა. მათ გონივრული ვადა ეძლევათ, რათა ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში მოიყვანონ. რა გამოვა: 2025 წლიდან საერთაშორისო სტანდარტები შემოდის და ეს შენობა ძველი სტანდარტების დარჩეს – ასე ვერ იქნება.

აქ მეორე სერიოზული საკითხი ჩნდება:  მე,  როგორც კოლეგა, ექიმი, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს, ვინც იქ მუშაობს. რამდენაც ვიცი, პერსონალი 1000 -მდე ადამიანია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ახალი შენობის მშენებლობა, თუ ძველის რეაბილიტაცია, იქ არსებული მაღალკვალიფიციური გამოცდილი სპეციალისტების ინტერესების დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ანუ ყველა მათგანს ღირსეული დასაქმება დ ანაზღაურება უნდა შეეთავაზოს, სანამ შესაძლებელი არ იქნება , რომ ახალი შენობის ფუნქციონირება დაიწყოს. ფუნქციონირება რომ დაიწყება, მერე იმ პერსონალის უკან დაბრუნება იქნება შესაძლებელი.
გამოვიდა პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ცალსახად განაცხადეს, რომ პოლიტიკური ნებაა, ახალი საავადმყოფო გაკეთდეს, რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ არავინ დაზარალდება, ვინც იქ მუშაობს, ყველას მიეცემა ღირსეული დასაქმების და ანაზღაურების საშუალება. ჩნდება ეჭვები ეს ითქვა, მაგრამ, შესრულდებაო? ათასი ჭორი მუსირებს, რომ ეს შეიძლება, არ შესრულდეს, ან დროში გაიწელოს. ამაზე როგორ გაგცეთ პასუხი? მჯერა იმ ადამიანების, ვინც ეს განცხადება გააკეთა, პრემიერის, რომელიც , როგორც წესი, ქვეყნის აღმშენებლობის დარგში თავის სიტყვას ასრულებს და ჯანდაცვის ახალი მინისტრის, რომელმაც საქმით დაგვიტკიცა, რომ სისტემურ ცვლილებებზეა ორიენტირებული, ყველაზე მაღლა სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალის ინტერესებს აყენებს.
შეჯამებისთვის: ერთია, რომ იქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მრავალპროფილური, ძლიერი , სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკა, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, საშვილიშვილო საქმე გაკეთდება, მაგრამ იმ აუცილებელი დათქმით, რომ იქ მომუშავე სამედიცინო პერონალის ინეტერესები დაცული უნდა იყოს , როგორც ღირსეული დასაქმების, ისე ანაზღაურების მხრივ“ – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები