მდინარაძე – ოპოზიციაზე: გუშინ რომ პლაკატები გააკრეს, სიყვარულის ენის შემცველი იყო, დღეს სიძულვილის ენის შემცველია – ორმაგი სტანდარტია
გუშინ სიყვარულის ენის შემცველი იყო, ეტყობა და დღეს სიძულვილის ენის შემცველია. ორმაგი სტანდარტია აქაც, როგორც ბევრ რამეში, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე თბილისში გაკრულ პლაკატებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.
„გუშინ დიდი ემოციით „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, რომ ეს რა კარგი რაღაც მოხდა – გაუკრავთ 200 პლაკატი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელი დღე ამას აპიარებდნენ. დილით რომ დახვდათ ათობით ათასი სხვა პლაკატი ქალაქში, ის არ მოეწონათ და თქვეს, რომ ეს სიძულვილის ენის შემცველია. გუშინ სიყვარულის ენის შემცველი იყო, ეტყობა და დღეს სიძულვილის ენის შემცველია. ორმაგი სტანდარტია აქაც, როგორც ბევრ რამეში. ზოგადად, ძალიან ცუდია იარლიყების მიკერება, მაგრამ ვინ გააკრა, ეს იყო მათი ბუნებრივი რეაქცია იმ მარაზმზე, რაც გუშინ იკადრეს და ამას პარტიის თავმჯდომარე აპიარებდა თავის Facebook-ზე“, – აცხადებს მდინარაძე.
ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით „მოღალატე ჯაშუშები“ და „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. პლაკატებზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გამოსახულნი. მანამდე, გუშინ თბილისში გამოჩნდა იმ დეპუტატების პლაკატები, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს.