არჩილ ქიქოძე და რეზო თაბუკაშვილი „საბადან“ თავიანთ წიგნებს ხსნიან

მწერლებმა, არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა ლიტერატურულ კონკურს „საბადან“ თავიანთი წიგნების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც მწერალი რეზო თაბუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, წელს წარსადგენი წიგნით, „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“, ის ამ კონკურსს ჩაეხსნება.

„ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ – ბექა ქურხულის წიგნი მის მიერ ოდესღაც ვიღაცის მიმართ „ცუდად წარმოთქმული სიტყვებისთვის“ მოიხსნა ამ კონკურსიდან? და ეს ჩრდილავს მწერლის ნაშრომს?… მინდა „საბამ“ დიდხანს და ძლიერად იაროს მრავალი წელი… ჩემი, წელს წარსადგენი წიგნით, „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“, მეც ჩავეხსნები ამ კონკურსს“, – წერს რეზო თაბუკაშვილი Facebook-ზე.

არჩილ ქიქოძემ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ კონკურსში ბექა ქურხული არ იქნება, მაშინ მონაწილეობა მისთვისაც უინტერესოა.

„ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ ბექა თუ არ იქნება, ჩემთვისაც უინტერესოა ისეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც ასეთი ძლიერი კონკურენტი არ მეყოლება (მეგობრობას რომ თავი დავანებოთ). არც ვიცი, როგორ ხდება პროცედურა, რადგან გამომცემლობა წარადგენს წიგნს და არა ავტორი, მაგრამ მივმართავ სულაკაურების გამომცემლობას, რომ მოხსნას კონკურსიდან ჩემი „მექსიკური დღიური“, – წერს არჩილ ქიქოძე Facebook-ზე.

მწერლების გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ „საბამ“ კონკურსიდან მოხსნა ბექა ქურხულის წიგნი „უკრაინული დღიურები“. „საბადან“ საკუთარ ნაწარმოები მოხსნა ასევე გაგა ნახუცრიშვილმა. მისი განმარტებით, „საბას“ პირველი ლაურეატი და ქომაგია, მაგრამ ლიტერატურულ რეპრესიებს მხარს ვერ დაუჭერს.

გამომცემლობა „საბა“ „ინტელექტისადმი“ მიწერილ წერილში განმარტავს, რომ ბექა ქურხულმა არაერთხელ საჯაროდ, სრულიად უკადრისი ფორმით პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. შესაბამისად, ლიტერატურული პრემია არ განიხილავს გამომცემლობის მიერ წარდგენილი ავტორის წიგნს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები