ამერიკული სკოლა, სადაც მიქელანჯელოს “დავითი” პორნოგრაფიად ჩათვალეს, ფლორენციაში მიიწვიეს

იტალიის ქალაქ ფლორენციის მერმა და გალერეამ, სადაც მიქელანჯელოს ცნობილი, “დავითის” ქანდაკებაა გამოფენილი, მის სანახავად მიიწვიეს ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ტალაჰასის სკოლის დირექტორი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების ერთ-ერთი შედევრის – მიქელანჯელოს “დავითის” რეპროდუქციის ჩვენება რამდენიმე მშობელმა მიიჩნია შვილებისთვის პორნოგრაფიის ჩვენებად და სკოლის საბჭოში იჩივლა.

ფლორენციის გალერეის დირექტორმა, სესილ ჰოლბერგმა განაცხადა, რომ გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ მე-16 საუკუნის მარმარილოს ქანდაკებას, რომელიც რენესანსის ერთ-ერთი სიმბოლოა, პორნოგრაფია უწოდეს. ჰოლბერგმა გალერეაში მიიწვია ამერიკული სკოლის წარმომადგენლები იმაში დასარწმუნებლად, რომ სიშიშვლე პორნოგრაფია არ არის და ბიბლიური დავითის ქანდაკებაში პორნოგრაფიული და აგრესიული არაფერია.

ფლორენციის მერმა, დარიო ნარდელამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნების პორნოგრაფიად წარმოჩენა სასაცილოა. მერის განცხადებით, ხელოვნება ცივილიზაციაა და ვინც ამას ბავშვებს ასწავლის, პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ, ამერიკელ პედაგოგს, პატივისცემის ნიშნად, ფლორენციაში იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები