ფხენიანი ბირთვული იარაღის წარმოებას გაზრდის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის განკარგულება გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 27 მარტს კიმ ჩენ ინი შეიარაღებაზე ბირთვული იარაღის მიღებას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება მოისმინა, რომელიც მიეძღვნა იმ პროგრესს, რომელსაც ფხენიანმა ბოლო წლებში ამ იარაღის წარმოებაში მიაღწია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა “ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას” ბირთვული იარაღის “იდეალური” გამოყენების განკარგულება გასცა, ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია “ატომური ძალების უწყვეტი გაძლიერება”, რომ “ჩვენმა სიძლიერემ მტერი შეაშინოს და დაიცვას ქვეყნის მთავრობა, ხალხი და სისტემა”.
ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პოტენციალი არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ხოლო ქვეყნის ბირთვული ძალების “მტერი” არის თავად ომი და ბირთვული კატასტროფა, ჩრდილოეთ კორეა კი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის იბრძვის.