თეა წულუკიანი: ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას

“ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას”,- ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თათია სამხარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.

წულუკიანის თქმით, ქალთა უფლებები აუცილებლად დაცული უნდა იყოს.

“არ ვიცი რაზე მესაუბრებით, არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ, სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში, გენ-მდივანთან ერთად, ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას, ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და ქართული ოცნების ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა და გოგონების უფლებებისთვის ამ კონვენციის პარლამენტში, მოხდა რატიფიცირება.

შესაბამისად, მე არ შეიძლება მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რაზეც მესაუბრებით, განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, რომ თუ მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები