თეა წულუკიანი: ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია

“საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია – „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა“, –  ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, იყო ქართველი და გქონდეს განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში.

„რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებმა ალბათ რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ ყველა ერთ პოზიციაზე და ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, დახლიჩონ საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი ადამიანი ახალგაზრდას, დააპირისპირონ ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი მეორე პოლიტიკური პარტიის მიმდევარს, ვფიქრობ, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ. არ შეიძლება, იყო ქართველი და გქონდეს განსხვავებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და ამ შემთხვევაში ევროკავშირში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც შექმნილია ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, მათ შორის, არც თქვენგან, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სწორედ იმავე ტემპით იაროს ევროპისკენ წინ, როგორც მოდის 2012 წლის ოქტომბრის 25 რიცხვიდან, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი მთავრობა. იმ დღიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა და ალბათ ვერც ექნებოდა რომ დარჩენილიყო ის ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოაშორა ხელისუფლებას და ქვეყანას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები