თეა წულუკიანი – სააკაშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს
“ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს გადაწყვეტილებები. სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხშირად პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სინათლისა.
„ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სინათლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო გადაეცა.