თორნიკე შარაშენიძე: თუ რუსეთმა გაიმარჯვა, თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით

“თუ რუსეთმა გაიმარჯვა, თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. დასავლეთში კი გვინდა, მაგრამ აქედან რუსეთი გვემუქრება და რა არჩევანი გვაქვს? ჯერ ნატოს წევრები არა ვართ, რუსეთისგან რომ დაგვიცვას. ეს არის პრობლემა, თანაც თბილისის ახლოს ორი რუსული ბაზაა. ხომ ვიცით, რომ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, “ჯიპას” პროფესორი თორნიკე­ შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ახლა ქვეყნის წინაშე დგას გამოწვევა – არჩევანი გადარჩენასა და სახის შენარჩუნებას შორის.

“ჩინეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა და არ აინტერესებს არც ჰააგა და არც არავინ. სწორედ ამას ნიშნავს მისი პუტინთან ვიზიტიც. ცხადია, ჰააგის გადაწყვეტილება, ალბათ, სიგნალია სი ძინპინისთვის, მაგრამ არა მგონია, ვინმე იმას ელოდა, რომ გააუქმებდა ვიზიტს მოსკოვში. ჩინეთი ამერიკის მერე მსოფლიოში მეორე დამოუკიდებელი მოთამაშეა. ასე რომ, რაში აინტერესებს ჰააგა, მით უმეტეს, რომ მას არც ცნობს. ჩინეთი დამოუკიდებელი მოთამაშეა და ფიქრობს, რომ მისი გადასაწყვეტია, სად ჩავა, აზრს არავის ეკითხება, არც ჰააგას და არც ვაშინგტონს. ჩინეთის დასავლეთთან კონფრონტაცია უკრაინის ომმა დააჩქარა. ამერიკა დიდხანს ცდილობდა ევროპის აყოლიებას ჩინეთის წინააღმდეგ, რათა ჩაერთო სანქციების ომში, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან ევროპას ჩინეთთან თანამშრომლობით ეკონომიკური მოგება ჰქონდა, მაგრამ ომმა მსოფლიო ორ ბანაკად გაყო, ევროპას აღარ შეუძლია ძველებურად მანევრირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩინეთს რუსეთის დამარცხება ნამდვილად არ აძლევს ხელს, რადგან სურს რუსეთი მისი პარტნიორი იყოს თავისი პოტენციალიდან გამომდინარე. სად ჩინური პოტენციალი და სად რუსული, მით უმეტეს, რომც გაიმარჯვოს, ეს ომი რუსეთს ძალიან დაასუსტებს. უკვე დასუსტებულია კიდეც და როდის აინაზღაურებს ამ ზარალს, ძნელად სათქმელია. შესაბამისად, ჩინეთს აწყობს რუსეთის გამარჯვება და შეეცდება ხელი შეუწყოს, ოღონდ საკითხავია, რა ფასად. რა თქმა უნდა, ჩინეთს არც შარში გახვევა სურს. ამიტომ შეეცდება ისე მოახერხოს, რომ რუსეთმა ომი მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგებით დაასრულოს. ჩინელების ე.წ. სამშვიდობო გეგმაში ერთი მთავარი მომენტია ცეცხლის შეწყვეტა – ანუ ომი შეწყდეს სტატუს-კვოთი, რაც რუსეთს ძალიან აწყობს, რადგან ახლა უფრო მეტი ტერიტორია აქვს წაღებული, ვიდრე ომის დაწყებამდე. არადა, თუ ომი გაჭიანურდა, არის შანსი, რომ დაიღალონ უკრაინაც და დასავლეთიც და წავიდნენ დათმობაზე. სწორედ ამის იმედი აქვს ჩინეთს.

ეს ომი ჩინეთისთვის კიდევ იმით არის საინტერესო, თუ ომი სწორედ ამ სცენარით დამთავრდა, ანუ შეთანხმდნენ სტატუს-კვოზე და კონფლიქტი გაიყინა, ეს ნიშნავს ჩინური ხედვის გამარჯვებას და შეუძლია თქვას, ეს ჩვენი დამსახურებააო. ამით ძალიან ძლიერი მოთამაშე გახდება, უფრო გაიმყარებს პოზიციას, რადგან ჩინურმა ხედვამ გაიმარჯვა და დაასრულა ომი, რომელიც ყველას აზარალებდა. არ არის გამორიცხული ჩინეთ-რუსეთმა ახალი ბლოკი შექმნან, თუნდაც ირანთან ერთად, ასეთ შემთხვევაში საქართველოსთანა სუსტ ქვეყნებს, რომლებიც გადასარჩენად მანევრირებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ. ჩვენ ბალანსირების პოლიტიკა გვაქვს არჩეული. ვართ ქვეყანა, რომელსაც სურს დასავლეთთან ინტეგრირება, მაგრამ რუსეთის მეზობლობა, მისი ჯარის ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამას აფერხებს. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, თავს ნუ მოვიტყუებთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. დასავლეთში კი გვინდა, მაგრამ აქედან რუსეთი გვემუქრება და რა არჩევანი გვაქვს? ჯერ ნატოს წევრები არა ვართ, რუსეთისგან რომ დაგვიცვას. ეს არის პრობლემა, თანაც თბილისის ახლოს ორი რუსული ბაზაა. ხომ ვიცით, რომ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. ასე რომ, უკრაინის გამარჯვებამდე ისე უნდა მივიდეთ, რომ როგორმე გადავრჩეთ. ეს არის ჩვენი გამოწვევა – არჩევანი გადარჩენასა და სახის შენარჩუნებას შორის”,- განაცხადა შარაშენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები