“უმძიმესი საყურებელია, როდესაც ეროვნებით ქართველი ადამიანები საკუთარ სამშობლოს მტრობენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყანათა სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობენ, აგროვებენ ინფორმაციას” – მათიკაშვილი
“უმძიმესი საყურებელია, როდესაც ეროვნებით ქართველი ადამიანები საკუთარ სამშობლოს მტრობენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყანათა სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობენ, აგროვებენ ინფორმაციას,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირის დაკავებას გამოეხმაურა.
“პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეფექტური, ოპერატიული და სამძებრო საქმიანობისთვის. უმძიმესი საყურებელია, როდესაც ეროვნებით ქართველი ადამიანები საკუთარ სამშობლოს მტრობენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყანათა სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობენ, აგროვებენ ინფორმაციას. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ეს ყველაფერი მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი ქსელის და სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებით ხორციელდება.
ამ მძიმე ბრალდებას სახელმწიფო ადეკვატურად პასუხობს და ასევე, საკმაოდ სოლიდურია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს. დაე, ეს იყოს მაგალითი და გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არის მსგავს საქმიანობაში ჩართული – ამის შესახებ იყო კიდეც სუს-ის მიერ თავის დროზე გაფრთხილებული ჩვენი საზოგადოება. სახელმწიფო, სპეცსამსახურები იქნებიან ძალიან აქტიურები და ეფექტურები და ყველა მსგავს შემთხვევას გამოავლენენ,” – თქვა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი – გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე დააკავა.