ენტონი ბლინკენი: ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც ICC-ის მხარეა, ვიზიტის შემთხვევაში პუტინი უნდა დააკავოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მხარე, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის მას ეწვევა.
„ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვინც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა და აქვს ვალდებულებები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, ბლინკენმა კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, აშშ-ში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს იგივე ეწეოდა თუ არა.
„არა მგონია, რომ ის უახლოეს მომავალში აქ ჩამოსვლას აპირებდეს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.