გიორგი ვოლსკი: ვისაუბრეთ ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი
“განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ განმარტა, თუ რა საკითხებს ეხებოდა გუშინ, ბორჯომში გამართული უმრავლესობის სხდომა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი.
“პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად: სოციალური საკითხები – მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ, სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და “განათლების და მეცნიერების” კომიტეტის თავმჯდომარეა.