ირაკლი ნადარეიშვილი: თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოს მიმართ ინვესტორების გაზრდილ ინტერესს განაპირობებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლონდონში გამართულ „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით ჩატარდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.
„თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძლიერი აღდგენის ტემპი და 2021 – 22 წლებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოს მიმართ ინვესტორების გაზრდილ ინტერესს განაპირობებს.
„დღეს საქართველო ინვესტირებისთვის შესანიშნავი ადგილია, სადაც დაგხვდებათ ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და ორ მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. მჯერა, რომ საქართველო უკვე არის და იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბიზნეს სცენაზე,“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ცოდნაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოზე გამავალი ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელი“, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა და სხვ.
ფორუმზე ასევე მისასალმებელი სიტყვა გააკეთეს საქართველოს საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა და საქართველოს საელჩოს დესპანმა, გიორგი საგანელიძემ. საინვესტიციო ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო ბიზნესს-საკონსულტაციო ორგანიზაციები.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმის სპონსორები იყვნენ: Raiffeisen Bank International, Dentons, Silkroad Group, FitchRating, Baker McKenzie“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.