“მარტო არ ვართ, ჩვენთან რუსეთია” – ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სპიკერი “თბილისში განვითარებულ მოვლენებზე”
ე.წ. სამხრეთ ოსეთში “საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან”.
ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა განაცხადა.
„შესაძლებელია თუ არა მეორე ფრონტის გახსნა ან პროვოკაცია საზღვრებთან? – თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია და სამხრეთ ოსეთი მრავალი წელია, მუდმივი აგრესიის პირობებში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, თვალყური ვადევნოთ მიმდინარე მოვლენებს და ვიყოთ მზად მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, „აშკარაა, რომ თბილისის არეულობის სცენარი დასავლეთში იყო შემუშავებული, ერთი სახელმძღვანელოა, რომელიც არაერთხელ იყო გამოყენებული“.
„რა ტრაგედიამდე მიიყვანეს უკრაინა ამ „სცენარისტებმა“, რომლებიც მთელი ერების ბედით თამაშობენ – ვაკვირდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები და ამ მეზობელი ქვეყნის მაცხოვრებლები, გამოიჩენენ წონასწორობას, საღად შეაფასებენ ნებისმიერი პროვოკაციული მოქმედების შედეგებს და შეძლებენ, გადახედონ წარსულის გამოცდილებას – რას იწვევდა ნაციზმისა და გენოციდის პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. და დღეს ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია”, – აღნიშნა ალან ალბოროვმა.