ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა დრეზდენის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა
ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ტექნიკური პრობლემის გამო დრეზდენის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას Stars and Stripes ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის პრესსპიკერის, მეთიუ ბლუბოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის არმიის თვითმფრინავის ბორტზე ტექნიკურმა პრობლემამ ამ კვირაში დრეზდენის აეროპორტში ავარიული დაშვება გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო დაშვება Cessna-ს თვითმფრინავმა განახორციელა. გამოცემა განმარტავს, რომ მსგავს თვითმფრინავებს აშშ-ის სამხედროები პილოტების წვრთნისთვის, ტვირთის გადასატანად და დაზვერვისთვის იყენებენ.
როგორც Stars and Stripes აღნიშნავს, დრეზდენის აეროპორტი ძირითადად კომერციულ თვითმფრინავებს ემსახურება, თუმცა ამერიკული თვითმფრინავები მას ევროპაში ოპერაციებისთვის სადესანტო პუნქტად იყენებენ.