საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟეენბეკ კულუბაევის შეხვედრა
ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნებას.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობას, „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
ასევე, განხილულ იქნა სექტორული თანამშრომლობის განვითარება. მინისტრმა ყირგიზ კოლეგას გაეროს უშიშროების საბჭოში 2027-2028 წლების არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.