პროექტის „ჩვენი თაობის თბილისური ამარკორდი“ ფარგლებში საკრებულოში ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, დღეს საკრებულოში პროექტის „ჩვენი თაობის თბილისური ამარკორდი“ ფარგლებში  ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, XX საუკუნის თბილისის ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ერთგვარ პრეზენტაციას წარმოადგენს. გამოფენილი ფოტოები ასახავს თბილისის ყოველდღიური ცხოვრებისა და ურბანული კულტურის სხვადასხვა ასპექტებს — კინოთეატრებს, მოზაიკებს, ტრანსპორტს, აფთიაქებს, რესტორნებსა და კაფეებს. ამას გარდა, მოწვეულ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმის „წავიდეთ კინოში“ შემოკლებული ვერსია აჩვენეს. ფილმის ავტორები მარინა გერმანიშვილი და მზია ლომთათიძე არიან.

„ღონისძიებაზე, რომელიც მსახიობ რუსუდან ბოლქვაძეს მიჰყავდა, სიტყვით თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი გამოვიდა. თინათინ ნიბლოშვილმა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც აღნიშნულ პროექტზე იმუშავა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულო მსგავსი პროექტების მხარდასაჭერად მუდამ მზად არის.

„ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ დედაქალაქის საკრებულოში და სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელი დღე ეძღვნება თბილისს – ქალაქს, რომელიც სავსეა სიმბოლოებით, მოგონებებით და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. დღეს ძალიან კარგი პროექტის პრეზენტაცია გავმართეთ და ვფიქრობ, რომ „ჩვენი თაობის თბილისური ამარკორდი“-ს მსგავსი პროექტების მხარდაჭერა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ  მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომელიც თბილისის ისტორიების გაცოცხლებას ემსახურება. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებით ჯგუფს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტზე იმუშავა“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები