შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია იმაზე, რომ საქართველომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი მიიღოს

საქართველოს პარლამენტმა დღეს ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით დასკვნაში ნათქვამია, რომ ის არის ნამდვილად უკრაინული და ვენეციის კომისიას არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია იმაზე, რომ საქართველომ აღნიშნული კანონი მიიღოს.

„თუკი ევროპაზე უნდა ვინმეს საუბარი, ამაზე უნდა ისაუბრონ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს იმისთვის, რომ 12 პუნქტის რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო, ასე რომ დროშის ფრიალის ნაცვლად, გულში აფრიალონ ეს დროშა და საქმე გააკეთონ.

როგორც იცით, ვენეციის კომისიას ჰქონდა სხდომა 10-11 მარტს, რომელზეც განხილული იქნა დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ასევე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებთან დაკავშირებით. ეს დასკვნები დღეს, სავარაუდოდ, აიტვირთება ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე. ჩვენ ეს დასკვნები უკვე მოგვეწოდა წინასწარ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, აქ საუბარი იყო ორ საკითხზე, პოლიტიკურ დისკუსიაში, ერთი, რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი და მეორე, ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რომელიც არის უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს იგივე დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი და არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა რომ კი და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მთავრობა, რაც გასაგებია, ვინაიდან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები. და მეორე, შეიძლება თუ არა საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვს რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როდესაც ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მეტად დასაზუსტებელი. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა და ა.შ. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. ამ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები