„გამორჩეული თაობა ვართ“ – როგორ შეიქმნა გამარჯვების სიმბოლო, „გოგონა ვარდით ხელში“, ფიქრი ოკუპაციაზე და მომავალი არქიტექტორისა და მხატვრის მიზანდასახული ცხოვრების გზა

ქალაქ გორში დაიბად, ბავშვობის წლები კი სოფელ კარალეთს უკავშირდება. სკოლაც აქვე, ოთარ სუხიტაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლაში,  წარმატებით დასრულა.
როგორც ამბობს, ხატვა ბავშვობიდან ძალიან ყვარდა და გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაშიც  სწავლობდა.  ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას უკავშირდებოდა, საკუთარ თავს კი ყველაზე საინტერესოდ არქიტექტორის ამპლუაში წარმოვიდგენდი. ბევრი ვიშრომე მიზნის მისაღწევად და შედეგმაც არ დააყოვნა“…
2021 წელს 100%-იანი გრანტით ჩაირიცხ სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც მისთვის დაიწყო ძალიან საინტერესო სტუდენტური წლები. ამჯერად მეორე კურსზე.
ამბობს, რომ წინ უამრავი გეგმა აქვს. ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს და საკუთარ თავს ნათელ და საინტერესო მომავალს უწინასწარმეტყველებ, იქნებ ერთხელ შემდგარი არქიტექტორი სტატუსითაც მომიწიოს თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა.მხატვრი, მომავალი არქიტექტორის, ნინო ფირუაშვილის პერსონა.

ბავშვობა გორსა და  სოფელ კარალეთს უკავშირდება.  ოჯახი, მშობლები, პირველი ნახატები…
– ქალაქ გორში, ქვეყნის შუაგულში,  დავიბადე.  ბავშვობა კი გალაკტიონისაგან „უცხო სამოთხეებად“ წოდებულ სოფელ კარალეთში გავატარე. ძალიან მიყვარს გორი, მზიანი კარალეთი – მით უფრო, მთელი ჩემი ბავშვობის ბედნიერი წლები აქაურობას უკავშირდება. არაფერია მშობლებთან ერთად სოფელში გატარებულ დროზე უფრო სასიამოვნო და ტკბილი მოსაგონებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოჯახში ერთადერთი ბავშვი ხარ და ყველას უხვად აქვს შენთვის დრო.
დედა და მამა ჩემი ცხოვრების ნომერ პირველი ადამიანები არიან, საუკეთესო მეგობრები, ისინი რომ არა, არ ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი… ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მათი მხარდაჭერის დამსახურებაა.  არ შემიძლია გავიხსენო, ხატვისადმი სიყვარული ჩემში როდის გაღვივდა, იმიტომ რომ თითქოს მშობლების სიყვარულივით თანდაყოლილი იყო ჩემში ეს გრძნობაც, საიდანაც მახსოვს საკუთარი თავი, იქიდანვე მახსენდება  ხატვისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც. პირველ ნახატებად ალბათ ისინი ჩაითვლება, პირველად რომ მოვკიდე ფანქარს ხელი და უსწორმასწორო ქაოსური ხაზების გავლება დავიწყე ფურცლებზე.
– წარჩინებით სწავლობდით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ოთარ სუხიტაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლაში. როგორ ვითარდებოდა თქვენი შემოქმედება?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახში ყველას უხვად ჰქონდა ჩემთან გასატარებელი დრო და ბაღში არ მივლია, პირდაპირ კარალეთის  მეორე საჯარო სკოლის კარში შევაბიჯე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა  და ყოველთვის სასიამოვნო წლებს და მოგონებებს მახსენებს, რადგან ამ ადგილმა, განათლების პარალელურად, შემძინა ჩემი ცხოვრების მეგზური, ჩემი საუკეთესო მეგობრები, ურთიერთობები და ადამიანები, რომლებმაც სამომავლოდ  დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს წარმატებულ  მომავალზე…
შემოქმედებითად განვითარების თვალსაზრისითაც საინტერესო იყო სკოლის წლები, ხელოვნებას უსაყვარლესი პედაგოგი, უაღრესად საინტერესო შემოქმედი ნუნუ ბიბილაშვილი მასწავლიდა. იგი ყოველთვის ამჩნევდა  ხელოვნებისადმი ჩემს სიყვარულს და ცდილობდა, მეტად საინტერესოდ წარმოეჩინა ჩემთვის ეს სფერო, რათა არასოდეს ჩამქრალიყო ჩემში ეს ნაპერწკალი და გამოუვიდა კიდეც.
ხელოვნების გაკვეთილების გარდა აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა სასკოლო პროექტსა და კონკურსში, რაც საშუალებას მაძლევდა, ჩემი შემოქმედება სხვა ადამიანებისათვის გამეცნო და ეს იყო პირველი ნაბიჯები ფართო აუდიტორიის წინაშე.
გორის  ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა დაამთავრეთ…
– როდესაც 15 წლის ვიყავი და გარდატეხის პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ მხოლოდ საჯარო სკოლაში გატარებული დრო ვერ მავსებდა შინაგანად, რაღაც ახალი, უფრო საინტერესო მჭირდებოდა და არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დანაკლისი ისევ და ისევ ხელოვნებამ შეავსო, ამ დროს ჩავირიცხე გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში.
სამხატვრო სკოლის წლები მთელი ცხოვრების მანძილზე ნათელ სხივად გაჰყვება ჩემს შემოქმედებას…  ამ ადგილმა სულში ხელოვნების წყურვილი გააღვიძა…
ისიც მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი განვითარების პერიოდში, ვინ გიდგას გვერდით. უბედნიერესი ვარ, რომ გამიმართლა. უსაყვარლესი პედაგოგები, თეიმურაზ მეფარიშვილი და ავთანდილ ღუდუშაური სტიმულს მაძლევდნენ, რომ უფრო და უფრო მეტი მეკეთებინა და მევლო წინ…  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები ჩემთვის მხოლოდ პედაგოგები არ არიან. თამამად ვუწოდებ მათ ჩემს უფროს მეგობრებს, რადგან ნამდვილად გამომიწოდეს მეგობრობის ხელი და ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. სამხატვრო სკოლის წლებს უკავშირდება პირველი გამოფენა და ორმოცდაათ ლარად გაყიდული პირველი ნახატიც, რომლისგან მიღებული ემოცია არასოდეს მავიწყდება.
–  არ შეიძლება, გორი ვახსენოთ და ოკუპაციას გვერდი ავუაროთ… 6 წლის იყავით, როდესაც 2008 წლის ომი მოხდა…
– გორი. ოკუპაცია. აგვისტოს ომი. ამ სამის ერთად წარმოდგენაც კი  ყოველთვის მიფუჭებს ხასიათს. 5 წლის ვიყავი… მაგრამ ყველაფერი ფილმივით მახსოვს, ცხელი აგვისტო იყო, ხალხში ქაოსი და რაღაცის შიში, მაგრამ იქამდე არაფერი მესმოდა, რა ხდებოდა, სანამ პირველი ნაღმის აფეთქების ხმა არ გაისმა.. და აქედან დაიწყო დიდი თავგადასავალი, გავრბოდით… მაგრამ სად, არავინ იცოდა.. შემდეგ მახსოვს სახლში დაბრუნების დღე, როგორ უხაროდათ ადამიანებს  დაბრუნებული მეზობლების დანახვა, ტაში, ცრემლები,  სიხარულის და ტკივილის ცრემლები … უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ამბავს.. და უამრავი ტერიტორია.. შემზარავი დასანახია საზღვრისპირა სოფლებში ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების დანახვა….
–  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობთ… თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი მოგცათ – არქიტექტურულზე ჩაირიცხეთ… როგორ უთავსებთ ერთმანეთს სტუდენტობას და  ხატვას?
 ბევრი ფიქრის შემდეგ კი მივხვდი, რომ არქიტექტურა იყო ის სფერო, რომლისთვისაც მინდოდა, მიმეძღვნა მთელი ჩემი ცხოვრება, ვიცოდი, რომ მარტივი გზის გავლა არ მომიწევდა, თუმცა სამყაროში მარტივი არაფერია და დავიწყე ჩემი მიზნისაკენ სწრაფვა.
აკადემიაში ჩავირიცხე, არქიტექტურაზე, თანაც სამხატვრო აკადემიის 100%-იანი გრანტით, – ეს დღე ზღვა ემოციით იყო დატვირთული. სტუდენტობა და ხატვა კი ჩემთვის ორი, ერთმანეთთან ყველაზე ახლო კავშირში მყოფი სფეროა. აკადემიის სტუდენტობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ნებისმიერ ფაკულტეტზე აუცილებლად მოგიწევს მოღვაწეობა როგორც ფერწერაში, ასევე გრაფიკაში. აკადემიის გარდა თუკი რაიმე თავისუფალი დრო მრჩება, მხოლოდ მეგობრებსა და ხატვას ეთმობა.  აკადემიიდან საინტერესო მოგონებას რაც შეეხება, ერთი კონკრეტულის გამოყოფა მიჭირს, რადგან აკადემიის ისტორიულ კედლებში გატარებული ყველა წუთი თავისებურად საინტერესოა.
არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ, უიარაღო დემონსტრანტები, – ოთარ ჭილაძის სტრიქონი წაუმძღვარეთ ახალ ნახატს და პოზიციაც გამოხატეთ მიმდინარე მოვლენებისადმი… როგორ დაიხატა ეს ნამუშევარი?
– უახლოესი დღეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, რომელიც ე.წ. რუსულ კანონს ეხებოდა, მოგეხსენებათ, რამდენად ახლო და რამდენად მტკივნეულია ყველა ახალგაზრდისათვის. ვფიქრობ, ჩემთვის კიდევ უფრო მეტად მტკივნეული იყო, რადგან კარგად მახსოვს 2008 წელი. საპროტესტო აქციებზე გასვლის და  რუსთაველზე ჩემი პროტესტის გამოხატვის შანსი კი არ მომეცა, რადგან ამ პერიოდში თბილისში არ ვიმყოფებოდი. კადრები კი, რომლებსაც დღე და ღამე ვუყურებდი, ძალიან მოქმედებდა ჩემს შინაგან მდგომარეობაზე, გამარჯვების დღეს მოლბერტს და ფუნჯებს ოდნავ უფრო დამშვიდებული მდგომარეობით მივუჯექი.
წინასწარ არასოდეს ვიცი, რას ვხატავ, არც ეს კონკრეტული იყო გამონაკლისი, რამდენიმე მონასმის შემდეგ ნათლად დავინახე, საით ვითარდებოდა ჩემი ნახატი, 2-3 საათში თითქოს ჩემი ზედმეტი ჩარევის გარეშე, მხოლოდ ემოციისა და ფუნჯების კავშირით შეიქმა… ოთარ ჭილაძის სტრიქონი  კი, ვფიქრობ, ნათლად ესადაგებოდა გამარჯვების სიმბოლოდ ქცეულ „გოგონას ვარდით ხელში”.
–  ამაყობთ,  რომ gen- Z თაობის ანუ ახალი თაობის წარმომადგენელი ხართ. რით გამოირჩევა თქვენი თაობა,
– მოხარული ვარ, რომ სამყაროსგან წილად მხვდა Gen-Z თაობის პერიოდში დავბადებულიყავი, ვფიქრობ, ის თაობა ვართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩვენს სათქმელ სიტყვას აუცილებლად ვიტყვით. გამორჩეული თაობა ვართ, განსაკუთრებული დოზით არის ჩვენში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილი, ვფიქრობ, ჩვენივე ძალებით აუცილებლად შევქმნით ისეთ მომავალს, სადაც შევძლებთ, არავინ გვიზღუდავდეს ჩვენს „გაფრენილ” იდეებსა და აზრებს, არავინ გვაკრიტიკებდეს იმისათვის, რომ ძალიან ფერადები და ლაღები ვართ. არც ჩვენი ქვეყნის კულტურას ვივიწყებთ ამ ყველაფერთან ერთად, საამაყოა ეს ყველაფერი.
– კომპანია „რეინბოუს ლაბადას საბავშვო კოლექციიდან თქვენი ნახატი ამშვენებს… რამდენიმე ნახატს პრინტებად დაატანს ლაბადებს… გვიამბეთ ამაზეც…
– ჩემი და კომპანია „რეინბოოუს“ კოლაბორაცია ორი წლის წინ შედგა. მე და „რეინბოუს“ სულის ჩამდგმელი მარიამ ჩიღუნაძე ერთმანეთს ჩემმა ნახატებმა დაგვაკავშირა. გავცვალეთ იდეები, შევარჩიეთ, რომელი ნახატი რომელ ლაბადას მოუხდებოდა და ასე აღმოჩნდა ჩემი ნახატები რეინბოუს ზურგებზე, შემდგომ კი –  ამერიკაში, პარიზში, რომში, მილანში და ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
– ხატავთ ფერწერულ ტილოებს და გრაფიკულ ნამუშევრებს. გამოირჩევა „ცეზარის“ გრაფიკული პორტრეტი… რატომ ცეზარი?
– რომ გითხრათ, ცეზარისადმი განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს-მეთქი, მოგატყუებთ, თავისთავად საინტერესო პიროვნებაა თავისი მმართველობის ფორმებითა და პიროვნებისთვის დამახასიათებელი უცნაურობებით, თუმცა მისი დახატვა უბრალოდ პორტრეტის ხატვის შესწავლის პროცესში მომიწია.
– თქვენი ფერწერა ფერებით მეტყველია. როგორ შეიქმნა „დაცემული ანგელოზი“?
– ხშირად ვფიქრობ, რომ ფერწერაში ტექნიკაზე წინ ფერებს ვაყენებ, ფერები ყოველთვის ზუსტად გადმოსცემენ ჩემს განცდებს. რაც შეეხება „დაცემულ ანგელოზს”, ზოგადად ანგელოზების ხატვა მიყვარს.. თითქოს მათში ყველაზე კარგად გამოვხატავ საკუთარ თავს, როცა როგორ ვგრძნობ თავს, ანგელოზიც ისეთი გამოდის, დაცემული ანგელოზი კი რელიგიასთან არაფერ კავშირშია, უბრალოდ მისი ხატვის მომენტში ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა, არ ვგრძნობდი თავს კარგად და ანგელოზიც ასეთი გამოვიდა, „დაცემული”.
– შემოქმედებითი ცხოვრებიდან საინტერესოც გექნებათ მოსაყოლი…
– საინტერესო? უფრო სასაცილო მახსენდება –  პანდემიის დასაწყისში, მოგეხსენებათ, ყველაფერი დაკეტილი იყო და სახლში სამხატვრო მასალის ამოწურვის შემდეგ ვეღარაფრის შეძენას ვახერხებდი.
ერთ საღამოს რამდენიმე ფერის ძველი აკრილის საღებავი ვიპოვე, ტილოს პოვნა კი ადვილი არ იყო. რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ ბებოს უზარმაზარი სამზარეულოს დაფა მოვპარე, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ იყენებდა, ნახატის უკანა მხარეს დღემდე ატყვია ფქვილის კვალი. ნახატის დასრულებამდე დანაშაული არ მიღიარებია. როცა ვაღიარე, უკვე დაგვიანებული იყო…
– ამზადებთ დეკორატიულ სანთლებს, საქორწინო დეკორაციებს…
– დიზაინის სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელია, მიყვარს როგორც ინტერიერისთვის განკუთვნილი დეკორატიული ნივთების დამზადება, ასევე მოდის სფერო, უცნაურად გადაკეთებული მშობლების გარდერობი და ხელნაკეთი ნივთების მზადება, ჩანთები, სამკაულები…
– „საღამოს მადლი“, რამდენიმე საათში შესრულებული… – წერთ ერთ ნამუშევარზე. შთაგონება როგორ მოდის თქვენთან?
– ნახატი, რომელსაც ეს სიტყვები ეწერა, ჩრდილოეთის ციალს წააგავს, ხშირ შემთხვევაში, შთაგონების წყარო უახლოეს პერიოდში მოსმენილი, ნანახი ან წაკითხული ხდება. მახსოვს, ამ კონკრეტულის შექმნამდე გარკვეული პერიოდი ძალიან მხიბლავდა ჩრდილოეთის ნათება (ახლაც ასეა), შთაგონების წყარო სწორედ ეს იყო.
– ვის მიბაძავდით?
– ერთ პერსონას ვერ ამოვარჩევ, ადამიანური თვალსაზრისით მამას მივაბძავდი –  მე, როგორც მომავალ არქიტექტორს, დიდი მოთმინება მმართებს, მოთმინების ყველაზე დიდ უნარს კი ყოველთვის მამაჩემში ვხედავ.
მხატვრობაში მისაბაძად კი ჩემს საყვარელ მხატვარს, ვინსენტ ვან გოგს დავასახელებ. რეალიზმის მიმდინარეობები არ მიტაცებს, ვან გოგი კი ყოველთვის ტოვებს ჩემში ყველაზე თავისუფალი მხატვრის შთაბეჭდილებას. მინდა ჩემი ნახატებიც ისეთი თავისუფალი და ჩარჩოებმოცლილი იყოს რამდენიმე წლის შემდეგ, როგორიც მისი, თუმცა მისი მიბაძვის მცდელობა თავიდანვე კრახისთვის არის განწირული.
– ჰობი…
– ჰობი… ბუნებაში მშვიდად ყოფნას და კარგი წიგნის კითხვას ალბათ არაფერი მიჯობს, მაგრამ არის კიდევ ერთი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც ირგვლივ უამრავი ყვავილი ყვავის, მოსვენება მეკარგება, სანამ მათგან ულამაზეს თაიგულს არ შევქმნი.
–  ამბობთ, რომ ერთ ადგილას გაჩერება არ გიყვართ და წარმატებული არქიტექტორი იქნებით…
– აკადემიაში საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურას, მაგრამ სად, ჯერ არ გადამიწყვეტია…
ბუნებრივია, როგორც ყველა არქიტექტორი ოცნებობს, რაიმე მასშტაბური პროექტის არქიტექტორად წარმოვიდგენ თავს. ამის პარალელურად კი მინდა ჩემი სიტყვა მხატვრობაშიც ვთქვა და ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალურად განვვითარდე, როგორც არქიტექტურისგან  დამოუკიდებელი მხატვარი.
სურვილები?
– მინდა მშვიდობიან, ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში მიწევდეს ცხოვრება…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები