“აფხაზეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითამაშეს” – ბჟანიას ე.წ. თანაშემწე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.თანაშემწის საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ გვინჯიას თქმით, ომის შემდგომ პერიოდში “აფხაზეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითამაშეს”.

ამის შესახებ მან Соловьев Live-ის ეთერში თქვა.

„აფხაზეთში, ომის და ბლოკადაში აღმოჩენის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება გახდა ეკონომიკური, კულტურული, სახალხო დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკური პროცესის მთავარი ძრავა. სამოქალაქო საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა პროექტები დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა“, – განაცხადა მან.

გვინჯიამ განმარტა, რომ “აფხაზურ საზოგადოებაში” არ არსებობს კამათი ქვეყნის განვითარების ვექტორთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ ვის “უნდა ვემეგობროთ საერთაშორისო ასპარეზზე”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომუშავე ადამიანების უმეტესობას პირადად იცნობს და ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან და არ არიან “არც ქართული და არც რუსული გავლენების ქვეშ”.

”არ მახსენდება, რომ აფხაზეთში რაიმე რევოლუცია განხორციელებულიყო დასავლური სპეცსამსახურების ან არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით. ჩვენ გვქონია პოლიტიკური არასტაბილურობა და მიტინგები, იცით, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებდა. მაგრამ მე არ მახსოვს, ყოფილიყო შემთხვევები, როდესაც უცხოურ ორგანიზაციებს ეს პირდაპირ დაეფინანსებინათ. ეს არის აფხაზეთის შიდა პროცესების ნაწილი“, – დასძინა მან.

რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკაში ახალგაზრდებში არსებულ განწყობებს, გვინჯია ამბობს, რომ უნივერსიტეტში ასწავლის და იცის, რომ ისინი “პატრიოტები არიან. მათ არ სჭირდებათ იმის ახსნა, თუ რა არის სამშობლო და როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. მათ არ სჭირდებათ ახსნა, სად არის სიკეთე და ბოროტება. მათ არ სჭირდებათ ახსნა, რა არის დასავლეთი აფხაზეთისთვის და რა არის რუსეთი აფხაზეთისთვის. ახალგაზრდების მსჯელობებში არის გარკვეული მაქსიმალიზმი. ამჟამინდელ სტუდენტებს არ უნახავთ აფხაზეთის სამამულო ომი, მაგრამ ისინი პატრიოტები არიან, რომლებიც ახალ საინტერესო იდეებს აჟღერებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები