გიორგი გობრონიძე: არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან ნაკარნახევი კანონი

“მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან, პუტინისგან ან კიდევ ვიღაც სხვისგან ნაკარნახევი კანონი – ახალგაზრდები შეწუხდნენ იმ რისკის გამო, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემუქრება და იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, თორემ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უჭერენ მხარს”, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა, გიორგი გობრონიძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტის გაწვევის საკითხზე საუბრისას “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

გობრონიძის თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას ურჩევს, მსოფლიო ისტორიას გადახედონ და ნახავენ, რომ პოლიტიკური აპათია მათ კარგს არაფერს მოუტანს.

“ქართული ოცნების” უკან დახევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, თუმცა, სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ ჩემი ვერსია, თუ რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონი. როდესაც ამ კანონის ტექსტი წავიკითხე, ერთადერთი, რისი განცდაც დამრჩა, ის იყო, რომ ხელისუფლებას სურს დამატებითი კონტროლის მექანიზმების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან, პუტინისგან ან კიდევ ვიღაც სხვისგან ნაკარნახევი კანონი, არა, ის “ქართული ოცნების” ლიდერების გუმანის ნაყოფია. მმართველმა გუნდმა დაინახა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოზე ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი გაიზარდა. ასევე დაინახა, რომ აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის ქვეყნების მნიშვნელობა იზრდება დასავლეთის ენერგომომარაგებაში, საქართველო მონაწილეობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში და ჩათვალეს, რომ ჩვენმა ფასმა აიწია.

“შეწყდებოდა ინვესტიციები, საერთაშორისო ასპარეზზე შემცირდებოდა ჩვენი, როგორც განვითარებისკენ მიმავალი სახელმწიფოს ნდობა და ჩვეულებრივ კავკასიურ, პოსტსაბჭოთა, ტოტალიტარულ რეჟიმად აღგვიქვამდნენ. საერთაშორისო თანამშრომლობა ვალდებულებების შესრულებას ნიშნავს, ამ კანონის მიღებით კი ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყოდით უარს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და კიდევ ერთხელ მოვატყუებდით ჩვენს პარტნიორებს. პარტნიორების მოტყუება კი ძალიან ცუდი ტონია, გარისკვად ნამდვილად არ გვიღირს, რადგან არ არის გამორიცხული, სრულიად მარტო აღმოვჩნდეთ ადგილობრივი რეგიონული ძალების პირისპირ. მე მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. რეგიონში თავისი ინტერესები აქვს როგორც თურქეთს, ასევე ირანს და სავსებით შესაძლებელია ქვეყანა სავაჭრო ობიექტად ვაქციოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც რეგიონული ლიდერები გავლენის ზონებს გადაინაწილებენ, თუ დასავლეთის მხარდაჭერა არ გვექნება, ძალიან მარტივად აღმოვჩნდებით გასაყოფი ლოტების სიაში. ვფიქრობ, ხელისუფლებამ დაინახა და რეალურად შეაფასა როგორც საგარეო, ასევე ქვეყანაში არსებული რისკები და ამიტომაც გადაწყვიტა ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდება.

ერთი მომენტია გასათვალისწინებელი – ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% საქართველოში დასავლეთიდან შემოდის დახმარებების სახით. ამის მეშვეობით ახორციელებს მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეფორმებსა და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდის განმავლობაში 3 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული საქართველოს მთავრობას დახმარების სახით.

როდესაც შენ დასავლური ფინანსების შეზღუდვას დაიწყებ, რა გარანტია გაქვს, რომ საერთოდ არ შეგიწყვეტს დაფინანსებას? არ არის გამორიცხული, ამის შესახებ გააფრთხილეს კიდეც “ქართული ოცნება”. შიდა პროდუქტის 15%-ით შემცირებას საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადაიტანს, უბრალოდ, არჩევნებამდე ვერ მიაღწევს. ასეთ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება ცხოვრების ხარისხის გაუარესება, მძიმე სოციალური პრობლემები.

რაც შეეხება სიმონიანის განცხადებას, ხალხის ომით დაშინებას, ეს ხალხის კონკრეტულ მასაზეა გათვლილი და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ნებისმიერი მათი განცხადება ჩვენს პროვოცირებაზეა გათვლილი. ისე დაგვცინიან და გვეთამაშებიან, როგორც პატარა ბავშვს. ხედავენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი აბსოლუტურად დაულაგებელია. ნებისმიერი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში სამოქალაქო ომის საშიშროებით მიმდინარეობს. ნახეთ, რა ნარატივი ვრცელდება, აგენტების კანონის გამოწვევას შეიძლება სამოქალაქო ომი მოჰყვესო. რატომ უნდა მოჰყვეს სამოქალაქო ომი იდიოტური კანონის გამოწვევას?! საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლება შეაჯანჯღაროს, როდესაც ის ჩარჩოებიდან გადის. პროტესტი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო კონსტიტუციური უფლების დაცვა სამოქალაქო ომს არ იწვევს. დაპირისპირებას და ომს იწვევს კონსტიტუციური უფლებების გათელვა. ჩვენი საზოგადოების 67% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეების მხოლოდ 23% ირჩევს მთავრობას. წესით, ეს მოცემულობა ადრეც უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებელი. რეალობის აღქმა არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. ახალგაზრდები შეწუხდნენ იმ რისკის გამო, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემუქრება და იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, თორემ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უჭერენ მხარს. სახუმარო ამბავი არ გეგონოთ ის, რომ ხალხის 67% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ეს პოლიტიკურ აპათიაზე მიანიშნებს. მე ხელისუფლებასაც ვურჩევდი და ოპოზიციასაც, მსოფლიო ისტორიას გადახედონ და ნახავენ, რომ პოლიტიკური აპათია მათ კარგს არაფერს მოუტანს”,- განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები