“იმას, რაც საქართველოში ხდება, შეიძლება – მეორე მეიდანი ეწოდოს” – ბჟანიას ე.წ. თანაშემწე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ გვინჯია აცხადებს, რომ ყველა მახასიათებლით, “იმას, რაც საქართველოში ხდება, შეიძლება, მეორე მეიდანი ეწოდოს”.

ამის შესახებ მან Соловьев Live-ის ეთერში თქვა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მაიდნის უკან გარკვეული ძალები დგანან, ისევე როგორც უკრაინაში. პრაქტიკულად, იმავე კარნახით იქმნება სიტუაცია, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს ძალიან ტრაგიკულ შედეგებამდე”, – თქვა მან.

გვინჯიას განმარტებით, “საქართველოში არის რადიკალური ძალების უმცირესობა, მაგრამ, საპროტესტო აქციების შედეგად, მათ შეუძლიათ, მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაიწყონ ახალი სამხედრო ავანტიურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”.

ამასთან, მაქსიმ გვინჯიამ დასძინა, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც აქციაზე სოხუმში “წასვლას” მოითხოვდა – ძირითადად უკრაინიდან ჩასული ადამიანებია, მაშინ, როდესაც “სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებიდანვე საქართველოს ხელისუფლება რაციონალურად იქცეოდა და უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე”.

ბჟანიას ე.წ. თანაშემწის თქმით, “საქართველოში უკრაინული სცენარის განვითარებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს მეთაური ვაშინგტონში იმყოფება და, სავარაუდოდ, დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გადის.  ამ შემთხვევაში ერთადერთი იმედია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე გონება იქნება უმრავლესობაში და გაუძლებს ამ ზეწოლას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები