ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება თბილისში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო “საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, რაც რესპუბლიკაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.

ამის შესახებ ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„ცხადია, რომ სერიოზული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა მისმა დასავლელმა კურატორებმა და ე.წ. მეგობრებმა ისევ ჩაითრიეს, შეიძლება გახდეს საფრთხე მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ამას ადასტურებს აქციის მონაწილეთა ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომლებიც გასცდნენ საქართველოს შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ახალი კამპანიის დაწყებისკენ მოწოდებები დაიწყეს.

ის რაც ხდება საქართველოში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების ხასიათიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და მათ უკან მდგომი დასავლელი მოთამაშეების გათვალისწინებით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აძლიერებენ ქართულ ოპოზიციას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მოხდეს სიტუაციის დესტაბილიზაცია, რაც 2008 წლის შემდეგ რეგიონში ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების სტრუქტურას უთხრის ძირს.

ცხადია, საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები და მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში, ბელარუსში  კრიზისის პროვოცირების მცდელობები ერთი ჯაჭვის რგოლია”,- ამბობენ ე.წ. უწყებაში.

ამასთან, აღინიშნება, რომ ამჟამად “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია”.

„თუმცა, გვინდა გავაფრთხილოთ თბილისის „ცხელი თავები“, რომლებიც კვლავ მოითხოვენ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემების ძალისმიერ გადაწყვეტას, რომ თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა შეძლებს პოლიტიკური მეთოდებით მოაგვაროს უცხოეთიდან პროვოცირებული კრიზისი და არ დაუშვებს აგრესიის ახალ გაჟონვას მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ”,- ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები