“კრიტიკული მდგომარეობა არ არის” – ე.წ. სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ე.წ. ძალოვნების გაძლიერებულ რეჟიმზე გადაყვანა მხოლოდ თბილისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს მინისტრის ვალერი გაზაევის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის შსს-ს პირადი შემადგენლობა გაძლიერებულ რეჟიმზე მხოლოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოა გადაყვანილი”.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა.
„გუშინ პრეზიდენტის სახელით გაიმართა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა, რომელზეც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ, როგორც რესპუბლიკის ერთ-ერთმა ძალოვანმა დანაყოფმა, არ შეიძლება არ შევასრულოთ კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გაზზაევმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ არავითარი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს.
„ეს არის პრევენციული ღონისძიება, ჩვენ გაძლიერებულ რეჟიმში ვაკვირდებით სიტუაციას მიმდებარე, სასაზღვრო რაიონებში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები“, – განაცხადა მან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზე 8 მარტს გადაიყვანეს.