“საქართველოში მომიტინგეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან” – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას აზრით, “საქართველოში მომიტინგეები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”.

ამის შესახებ მისი ე.წ. პრესსამსახური იტყობინება.

„ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ პირდაპირ ქმედებებს: “მოლოტოვის კოქტეილებს”, ქუჩების გადაკეტვას და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კარგად არიან დავალებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს შესაბამისი განყოფილებების მხრიდან. ამასთან, ჩვენ ტრადიციულად აღვნიშნავთ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ღონისძიებების მომზადებაში“, – განაცხადა არძინბამ.

მისივე თქმით, “აფხაზეთის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყურადღებით აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენგურის გასწვრივ “საზღვარი აფხაზური და რუსული სპეცრაზმის მიერ საიმედოდ არის დაცული”.

“ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სისტემა სტაბილური დარჩება”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები