ალეკო ელისაშვილი: ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ
“ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სამართლებრივად, კანონპროექტი კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე და მისი მხარდაჭერა აღარ უნდა მოხდეს.
„მოხვდათ ცხვირში და ძალიანაც კარგი, ასე მოხვდება ყველას ცხვირში ვინც ეცდება, რომ საქართველო წაათრიოს რუსეთისკენ. სამართლებრივად, კანონპროექტი კიდევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე და როგორც კეთილი ინებეს და იმ ჭუჭყს დაუჭირეს მხარი, ასევე იმავე ამაზრზენ კანონს აღარ უნდა დაუჭირონ მხარი და ასე გაუქმდება. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე. ბოდიში უნდა მოუხადონ, რომ ეგეთი სამარცხვინო რაღაცის გამოგზავნა არ გვინდოდა, უბრალოდ, ცოტა დავლიეთ აქ ბიჭებმა, 76-ნი ვიყავით შეკრებილები, ტვინი აგვერია, რაღაც შხამიანი დავლიეთ და გამოგვეგზავნა ვენეციის კომისიაშიო.
გარდა ამისა, უნდა დადგნენ ცხრანი, ერის დედები და მამები რომ არიან და ბოდიში მოუხადონ პოლიციელებსაც და სათითაოდ ჩამოუარონ იმ დაკავებულ ბიჭებსაც, დაშავებულებსაც და ბოდიშები უხადონ. მაგათ ადგილზე საერთოდ დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი სამსახურიდან, სირცხვილით როგორ უნდა შევიდნენ იქ. დავრწმუნდი, რომ ყველამ ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ “ქართული ოცნება” გავუშვათ და “ნაციონალური მოძრაობა” არ მოვუშვათ. ვისაც ეს შეგვიძლია, უნდა შევძლოთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.