შალვა პაპუაშვილი: „არა რუსულ კანონს“ – ეს პროპაგანდისტული ლოზუნგი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიგონა იმისთვის, რათა ადამიანები იმ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ საკუთარი ქვეყნის პარლამენტის შენობაზე მიიტანონ შტურმი
90-იან წლებში ლოზუნგების ქვეყანას ვეძახდით საკუთარ თავს, დღესაც ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ლოზუნგების პარტიად არის ქცეული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
„მათთვის ევროპა მხოლოდ ლოზუნგია, როცა ევროპასთან დაკავშირებით საუბრობენ ეს არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს გამოავლინა იმ სხდომამაც, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. როდესაც გამოდიოდა მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის მხრიდან იყო ხმაური, ხელებს არტყამდნენ მაგიდაზე და სკანდირებდნენ – არა რუსულ კანონს და პირზე აღბეჭდილი ჰქონდათ ღიმილი. იცით რატომ ? – იმიტომ, რომ საკუთარი ლოზუნგების არ სჯერათ, თვითონაც ხვდებიან, რომ არაფერ შუაშია რუსეთი, ეს არის აბსოლუტურად პროპაგანდისტული ლოზუნგი, რომელიც მათ გამოიგონეს იმისთვის, რომ გააგიჟონ ადამიანები და მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პარლამენტის შენობაზე მიიტანონ შტურმი. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ამ ლოზუნგების, ყალბი ნარატივის, გამოგონილი ტერმინების, ამ სიყალბის იქით გაიხედოს, ერთი ნაბიჯით სიღრმეშია საჭირო ჩასვლა და ყველა დარწმუნდება, რომ ეს კანონი არის მათთვის. ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც დღეს და გუშინ იდგა პარლამენტის შენობასთან, თითოეული მათგანისთვის არის ეს საჭირო, მათი უფლებაა იცოდნენ, ის ორგანიზაციები, რომლებიც აბულინგებდნენ პარლამენტის წევრებს, რომ ხმა არ მიეცათ ლევან იოსელიანისთვის, არიან დაფარულები, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, ვინ აფინანსებთ მათ, რა პოლიტიკური მიზნები დგას მათ უკან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.