გიორგი ვაშაძე პარლამენტთან შეკრებილებს მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობას ალყა შემოარტყან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდებს.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ისინი ხვალ ხელისუფლებას პარლამენტის სესიის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, მშვიდობიანად და წყნარად და ეს გადაწყვეტილება არის ყველასი – აქ მდგომი საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, სხვადასხვა ორგანიზაციის და რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებაზე ხელის აწევით კვლავ დავადასტუროთ თუ ეთანხმებით, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ.

შემდეგი ნაბიჯია ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას და სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ, ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ, დავიძრათ და უკანა და გვერდითა შესასვლელებთან გავლაგდეთ პარლამენტის გარშემო.

მეორე საკითხი – ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, ჩვენ მოგვიწევს ყველამ ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. გთხოვთ, ხელის აწევით დამიდასტუროთ თანხმობა ამ სამოქმედო გეგმაზე.

მშვიდად და წყნარად გადავდივართ პარლამენტის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში, წავედით დავიძარით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების მოთხოვნები გააჟღერა. ისინი საკანონმდებლო ორგანოდან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ, აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი, მათ ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები