მიხეილ სარჯველაძე: რეალურად, გვაქვს შანსი, მალე ჩვენი მცდელობები, მუშაობა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს
ერთმნიშვნელოვნად ყველა, მთელი საქართველო ვუერთდებით ამ ოპტიმისტურ განწყობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის კარგია ხაზგასმა იმ ღირებულებებზე, საითკენაც მიისწრაფვის საქართველო ურყევად, სტაბილურად, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის წლისთავს ეძღვნებოდა.
მისი თქმით, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და იმსახურებს, რომ გახდეს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრი.
„ერთმნიშვნელოვნად ყველა, მთელი საქართველო ვუერთდებით ამ ოპტიმისტურ განწყობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის კარგია ხაზგასმა იმ ღირებულებებზე, საითკენაც მიისწრაფვის საქართველო ურყევად, სტაბილურად. ვფიქრობ, რეალურად, გვაქვს შანსი, პერსპექტივა, რომ ძალიან მალე ჩვენი მცდელობები და მუშაობა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. ეს უკავშირდება ასოცირების შეთანხმებას, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თითოეულ რეფორმას, რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით. რასაკვირველია, მიგვაჩნია, რომ ალბათ საქართველოსთან მიმართებით უფრო გაბედული გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე აგრესიულმა ომმა განაპირობა ახალი შანსის გაჩენა მოლდოვისთვის, უკრაინისთვის. საქართველოსთვის შეიძლებოდა ამის სხვაგვარად გადაწყვეტა. მიუხედავად ამისა, ეს შანსი ნარჩუნდება, არათუ ნარჩუნდება, არამედ პირველად გაჩნდა ევროპულ პერსპექტივაზე სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს.
ამ ხნიდან მოყოლებული, საზოგადოებამაც იხილა, ევროპელმა კოლეგებმაც იხილეს საქართველოს მიერ გადადგმული მძლავრი ნაბიჯები ევროპული მიმართულებით და ყველა ის პუნქტი, რომელსაც მოიცავდა ეგრეთ წოდებული 12 წინაპირობა, პრაქტიკულად უკლებლივ ყველა შესრულებულია. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფომ და საზოგადოებამ თითოეულ ამ პუნქტთან მიმართებით აჩვენა ურყევი ნება, რომ გახდეს ევროპის ორგანული ნაწილი.
მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ეს ყველაფერი წარიმართა იმ ფონზე, როდესაც არც თუ კონსტრუქციული იყო საზოგადოების ერთი ნაწილის, ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დამოკიდებულება ამ საკითხებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველომ შეძლო, რომ ხელშესახები რეზულტატები მოეტანა თითოეული პუნქტის მიმართულებით, რაც 12 წინაპირობის სახით არის განსაზღვრული. ამიტომ მგონია, რომ ახლა აუცილებელია დამსახურებაზე დაფუძნებული შეფასების გამოყენება – რასაკვირველია, საქართველოს ეკუთვნის აღიარება, რომ მას კანდიდატად ყოფნის სრული უფლება აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.