ბელარუსი ოჩამჩირის რაიონში საკურორტო კომპლექსის მშენებლობას იწყებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, მინსკში მისი ვიზიტი ძალიან სასარგებლო იყო.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები შეიძლება, იყოს IT ტექნოლოგიები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
მისი ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში 2024 წლის აპრილში, ბელარუსი ინვესტორები სანატორიუმის და საკურორტო კომპლექსის მშენებლობას დაიწყებენ, რომელიც 250-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. უფრო მეტიც, დასაქმებულთა 80%-მდე ადგილობრივი მცხოვრები იქნება.
თავის მხრივ, მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო სახლი იმუშავებს. ხელმოწერილია ბელარუსისთვის ღვინოს მიწოდების ხელშეკრულება, “აფხაზურ შემოქმედებით ჯგუფებს შეეძლებათ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „სლავიანსკი ბაზარში“ მონაწილეობა”.
„კონტაქტები გაგრძელდება, ისინი სასარგებლოა და მოიტანს უამრავ კეთილ საქმეს მომავალში. ხედავთ, რამდენად ახლოა პოზიციები ბელარუსსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვართ მათი მოკავშირეები, ჩვენ ვართ რუსეთის მოკავშირეები, გვინდა, ვიყოთ მოკავშირეები ბელარუსისთვის და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.