პორტუგალიელი გოგონას ისტორია, რომელიც საქათმეში გაიზარდა
რედიარდ კიპლინგის ბედნიერი ისტორია იმის შესახებ, რომ ბიჭი ცხოველებმა აღზარდეს, ძალიან შორს არის მკაცრი რეალობისგან.
რეალურ ცხოვრებაში „მაუგლი-ბავშვებს“ ადაპტირების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი შეიძლება, იყოს პორტუგალიელი გოგონა – მარია იზაბელი. ის ტყეში კი არა, საქათმეში გაიზარდა თავისი მშობლების სახლთან. მიუხედავად ამისა და სპეციალისტების ძალისხმევისა, ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი მაინც ვერ გახდა.
ფრინველების აღსაზრდელი
1970 წლის ივნისში პორტუგალიაში, სოფელ ტაბუასში დაიბადა გოგონა, რომელსაც მარია იზაბელ კუარეჟმა დონ სანტოსი დაარქვეს. ის ფსიქიკურად და ფიზიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, დედა არ ჰყავდა ჯანმრთელი, მან მენინგიტი გადაიტანა. ქალმა თავისი ქალიშვილი ვერ აღიქვა, როგორც შვილი და ვერც ოჯახის წევრად მიიღო. როდესაც გოგონას ერთი წელი შეუსრულდა, დედამ ის საქათმეში წაიყვანა.
როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ოჯახის სხვა წევრებმა, მამამ და უფროსმა ძმებმა მომხდარი ჩვეულებრივ ამბად მიიღეს. მათთვის დედა მოსიყვარულე და ყურადღებიანი დარჩა, ხოლო გოგონას ბედი, რომელიც საქათმეში ცხოვრობდა, არავის აღელვებდა. იმ დროს, როდესაც ყველა ბავშვი თამაშობდა და ვითარდებოდა, მარია გადარჩენას ცდილობდა. ის იკვებებოდა იმით, რაც ქათმებისთვის მიჰქონდათ, მარცვლეულით, კომბოსტოს ფოთლებით და ოჯახის სუფრის ნარჩენებით. ამასთანავე, გოგონა სრულ იზოლაციაში იყო – მას არავისთან ჰქონდა ურთიერთობა.
ასე გრძელდებოდა 1976 წლამდე, როდესაც უბედურ ბავშვს გადარჩენის ცოტაოდენი იმედი გაუჩნდა. გოგონას ერთ-ერთმა დეიდამ შემთხვევით გაიგო, თუ რა პირობებში ცხოვრობდა ის. მან მოითხოვა, რომ ბავშვი ექიმისთვის ეჩვენებინათ. ეს უცნაური გასინჯვა იყო, რომელიც პირდაპირ საქათმეში მიმდინარეობდა, ვინაიდან დედამ გოგონა სახლში არ შეუშვა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში იყო გადასაყვანი. მათი დიაგნოზი იყო გონებრივი ჩამორჩენა და რიგი ფსიქიკური პრობლემები, რაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. მარიას დეიდა თვეობით დადიოდა კლინიკებში, რომ გოგონასთვის ემკურნალა. მაგრამ არავის უნდოდა, ასეთ მძიმე და უცნაურ შემთხვევასთან შეხება ჰქონოდა.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დეიდა იძულებული გახდა, გოგონა თავის ოჯახში დაებრუნებინა და ის კვლავ საქათმეში აღმოჩნდა. ექიმები და ბევრი სხვაც გულგრილად უყურებდნენ, თუ რა პირობებში იზრდებოდა გოგონა. ის, რომ ფერმაში ქათმებთან ერთად გოგონა ცხოვრობდა, მთელმა სოფელმა იცოდა. ჟურნალისტები იკვლევდნენ ამ უცნაურ შემთხვევას და დაასკვნეს, რომ თანასოფლელები ერთმანეთის საქმეებში არ ერეოდნენ. ყველა ადგილობრივს მძიმე სამუშაო ჰქონდა ფერმაში და განათლებაც არავის ჰქონდა მიღებული.
საქათმიდან გათავისუფლება
მარია იზაბელის ცხოვრება 1980 წელს შეიცვალა. მის შესახებ შემთხვევით გაიგო მედდამ მარია ბოჰაომ orres Vedras Hospital-ის კლინიკიდან. ქალმა გოგონას გადარჩენა მოინდომა, მისამართის გაგების შემდეგ, მაშინვე გაემგზავრა მის წამოსაყვანად. ბიჰაო მოვლენების სხვადასხვა განვითარებისთვის იყო მზად, მაგრამ მისმა ვიზიტმა არავინ დააინტერესა. ის უბრალოდ შევიდა საქათმეში, გოგონას ხელი მოჰკიდა და წაიყვანა.
ბავშვმა ორი კვირა იცხოვრა მარია ბიჰაოს სახლში. მაგრამ მედდა მალე მიხვდა, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და ჟურნალისტებს მიმართა. „ქათამი-გოგონას“ ისტორია – ზუსტად ასე უწოდებდნენ მას მედიაში, მაშინვე ყველა პორტუგალიურ გამოცემაში მოხვდა. სტატიების ავტორები ამბობდნენ:
„ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს ასეთ პირობებში შეუძლია გადარჩენა, რაშიც გოგონა წლების განმავლობაში იმყოფებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში გამაოგნებელია ადამიანების დამოკიდებულება. ექიმებმა ხომ ჯერ კიდევ 4 წლის წინ იცოდნენ, რომ ამ ბავშვს დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მათ პრობლემებზე თვალი დახუჭეს და არაფერი მოიმოქმედეს დასახმარებლად“.
მარია იზაბელის საქმეში ჩაერთო პორტუგალიის პირველი ლედი, მანუელა ეანეში. პრეზიდენტის მეუღლე შეაძრწუნა ბავშვის ისტორიამ და, მისი მოთხოვნით, გოგონა ქვეყნის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს.
დაწესებულების დირექტორს მაშინვე რეპორტიორების რიგი დაუდგა. კლინიკაში ექიმები ამბობდნენ:
„დაკვირვებების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ თავისი ასაკისთვის ბავშვი საკმარისად განვითარებული არ არის. გონებრივი ჩამორჩენა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ადამიანებთან ურთიერთობის სრულ დეფიციტთან. გოგონას ყველა ქმედება დაკავშირებულია უმარტივეს ბიოლოგიურ ინსტინქტებსა და რეფლექსებთან“.
ყველა, ვისაც მარიას ქმედებები უნახავს, გაოცებული იყო. ბავშვმა ტირილიც კი არ იცოდა, ვინაიდან ცრემლები – ეს ადამიანური კომუნიკაციის უნარია. ზოგს აშინებდა გოგონას ქცევა, რომელიც ქათამივით მოქმედებდა. ის პატარა ნაბიჯებს დგამდა და ხელებს იქნევდა, თითქოს ეს ფრთები იყო. ცხადია, საუბარი არ შეეძლო და მხოლოდ ხმებს გამოსცემდა, რაც ქათმის კაკანს ჰგავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 10 წლის ასაკში გოგონა ძალიან გაუწყლოებული იყო, ვინაიდან ძირითადად მისი კვების რაციონი მარცვლეულისგან შედგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთან საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ, მნიშვნელოვანი შედეგის მიღება მაინც არ მოხდა. 10 წლის განმავლობაში მან საუბარი ვერ დაიწყო, მაგრამ ისწავლა ჟესტებით ემოციებისა და სურვილების გამოხატვა. ექიმებმა მას სკამზე ჯდომა ასწავლეს, ვინაიდან აქამდე ის უბრალოდ ორი ფეხით ზედ ხტებოდა.
სამწუხაროდ, მან მხოლოდ ამ წარმატების მიღწევა მოახერხა. მარია დღემდე ქათამივით იქცევა – ხელებს ფრთებივით აქნევს და პატარა ნაბიჯებით დადის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კოგნიტიური უნარების განვითარების დონით ის 4 წლის ასაკს უახლოვდება.
ის ახლა სარეაბილიტაციო კლინიკაში იმყოფება, მაგრამ უკვე 25 წელია, რაც მასთან ჟურნალისტებს არ უშვებენ.