„ამ დროს მოვიდა ძმა იმ დებისა, რომელთა ცხედრებიც ორ დღეს ვეძებეთ და ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან, ხელის გულზე დაისხა წყალი და დაღლილ ძაღლს დაალევინა. მე კანფეტი გამომიწოდა“…

გიორგი ბერუკაშვილი და ანდრო ფეიქრიშვილი თურქეთში

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქართველი მაშველები მეორე დღესვე გაემგზავრნენ ადგილზე და ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციებში. ამ ხნის განმავლობაში ქართული მოსახლეობა აქტიურად გულშემატკივრობდა მათ, თბილ სიტყვებსა და თანადგომას არ აკლებდა…
მიწისძვრის ეპიცენტრში ჩავიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სტიქიის უმძიმეს შედეგებს გაეცნენ, მათ მადლობა გადაუხადეს მეზობელი ერის დასახმარებლად წასულ ქართველ მაშველებს.
ტინტო ჩვენი გმირი ხარ“, – ასე ეხმაურებოდა მედია ქართველი მაშველი ძაღლის, ტინტოს თავდაუზოგავ მუშაობას, როდესაც ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო.
მაშველები უკვე დაბრუნდნენ საქართველოში  და ჩვენც მოგვეცა მათთან გასაუბრების საშუალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ქართველი კინოლოგი მედიაჰოლდინგ „კვირას“ სტუმარია. ისინი და მაშველი ძაღლები ემი და ტინტო თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.  – გიორგი ბერუკაშვილის და ანდრო ფეიქრიშვილის პერსონა.

– რატომ გადაწყვიტეთ მაშველობა?

გიორგი ბერუკაშვილი: – დავიწყებ იქიდან, რომ მამაჩემი პროფესიით კინოლოგია და დღესაც ერთად ვმუშაობთ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი კინოლოგია.  მუშაობდა სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში კინოლოგად. 4-5 წლის ვიყავი, როდესაც სამსახურში დავყავდი და ვუყურებდი, როგორ წვრთნიდნენ კინოლოგები ძაღლებს. მეც დიდი ინტერესით ვუყურებდი და მომწონდა. მიყვარდა  ცხოველები და  განსაკუთრებით მიყვარდა ძაღლები.  გვყავდა, რა თქმა უნდა, ძაღლი ოჯახში. მთელი ბავშვობა გავატარე კინოლოგების გარემოცვაში და ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ მამის პროფესიას გავყოლოდი და  წარმატებული და კარგი კინოლოგი ჩემი საქმის პროფესიონალი გამოვსულიყავი. მიზანიც ეს მქონდა.
ვსწავლობდი  N70  საჯარო სკოლაში, ზემო ფონიჭალაში და ასევე ვცხოვრობდი.  13-14 წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად ვწვრთნიდი ძაღლებს. 2010 წელს დედა გარდამეცვალა. რაც კი გაგვაჩნდა, ყველაფერი გავიღეთ მის გადასარჩენად, თუმცა – ამაოდ. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ გამოვსულიყავი მაშველი და  სხვისი სიცოცხლე გადამერჩინა.

ანდრო ფეიქრიშვილი და მაშველი ძაღლი – ტინტო

ანდრო ფეიქრიშვილი:  – შინაური ცხოველები და მათთან ურთიერთობა ბავშვობიდან მიყვარდა და, სკოლის ასაკიდან მოყოლებული,  ჩვენს ოჯახშიც მუდმივად ცხოვრობდა ერთი ან რამდენიმე ძაღლი ერთდროულად.
შემდეგ, როდესაც მომავალი პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, გადავწყვიტე, რომ ჩემი პროფესიაც მათთან ყოფილიყო დაკავშირებული და დავამთავრე აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, მივიღე შემოთავაზება სასაზღვრო პოლიციიდან, რომ გავმხდარიყავი მათი თანამშრომელი და 2013-2016 წლებში ვმუშაობდი სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიურ სამსახურში – ვეტერინარის პოზიციაზე, ხოლო 2016-2018 წლებში უკვე გადავედი კინოლოგის პოზიციაზე – რადგან ეს პროფესია უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

– როდის დაიწყეთ მუშაობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში?

მაშველი ძაღლი – ემი

გიორგი ბერუკაშვილი: – კონკრეტულად  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  სამსახური დავიწყე 2021 წლის დასაწყისში, თუმცა მანამდე  სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობდი. 2012 წლიდან ვემსახურები  საქართველოს.
ანდრო ფეიქრიშვილი:  –  2019 წლიდან მუშაობა განვაგრძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მაშველ კინოლოგად,  რადგან  სურვილი მქონდა, რომ  ჩემი უნარი და შესაძლებლობა  გამომეყენებინა  სხვადასხვა  სტიქიური მოვლენით და უბედური შემთხვევით დაზარალებული ადამიანების გადასარჩენად.

– როგორ მუშაობთ ძაღლთან?
გიორგი ბერუკაშვილი: პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ ძაღლის ჯიში კონკრეტული მიმართულებისათვის. ამ შემთხვევაში მაშველი ძაღლი არ უნდა იყოს აგრესიული და  კარგი ცხვირის აპარატი უნდა ჰქონდეს – „კარგი ყნოსვა“,  ენერგიული. წვრთნა იწყება 3-4 თვის ასაკიდან. ვიწყებთ ძირითადი ბრძანებების სწავლით. ვაჩვევთ და ვასწავლით წინაღობების გადალახვას.  მხოლოდ ამ კურსის გავლის შემდეგ უკვე ვიწყებთ  სამძებრო მიმართულებით წვრთნას. წვრთნის ხანგრძლივობა, ძაღლის მონაცემებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურია, თუმცა დაახლოებით წვრთნის დაწყებიდან დასრულებამდე, შეიძლება, რომ  საშუალოდ 6-8 თვეს გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, დრო ინდივიდუალურია.
ანდრო ფეიქრიშვილი: – ძაღლთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია. ამ „პროფესიისთვის“ შესაფერისი მონაცემების მქონე ლეკვი, თავის ყოველდღიურობაში, თამაშისას მუდმივად ასრულებს ყველა იმ მოქმედებას, რაც შემდგომ სამძებრო-სამაშველო საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდება. მთავარია, ჩვენ დროულად შევამჩნიოთ და წავახალისოთ მის მიერ შესრულებული ეს მოქმედებები.
რამდენიმე ასეთი წახალისების შემდეგ, ლეკვი სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებს ამ მოქმედებებს – ჯილდოს მიღების მიზნით.
შემდეგ თითოეულ ამ მოქმედებას უკვე  ერქმევა თავისი სახელი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაჯილდოებთ, როდესაც კონკრეტულად ჩვენ  მიერ დასახელებულ მოქმედებას შეასრულებს. გარკვეული დროის და ვარჯიშის შემდეგ, ლეკვი უკვე შეუცდომლად ასრულებს თითოეულ დასახელებულ მოქმედებას.
– პირველი შთაბეჭდილება, რაც ადგილზე  ჩასულებს დაგხვდათ…

გიორგი ბერუკაშვილი: – თურქეთში 7 თებერვალს ვიყავით. ერთ-ერთი პირველი სამაშველო სამსახური ვიყავით, ვინც ადგილზე ჩავედით. იქ დაგვხვდა უამრავი დანგრეული სახლი. ყოველი მესამე სახლი  სრულად განადგურებული იყო, ხოლო რომელი შენობაც არ დანგრეულა, ის შენობა სრულიად გამოუსადეგარი და საშიში იყო საცხოვრებლად. ქალაქში ქაოსი  იყო. მოსახლეობა გარეთ, საკუთარი სახლის ნანგრევებთან  იდგა და შველას ითხოვდა,  რომ გადაგვერჩინა ნანგრევებში მოყოლილი ახლობლები… იყო სიცივე, ყინვა და ყველას კოცონი ენთო ქუჩაში ნანგრევებთან.  მოძრაობა გაჩერებული იყო, რადგან  პანიკის გამო  მოსახლეობა  ავტომობილებით  ტოვებდა ქალაქს. ყვირილი და სასწრაფოს სირენენის ხმა ერთმანეთში ირეოდა. ვიცოდით, ძლიერი მიწისძვრის გამო, რა ვითარებაც დაგვხვდებოდა, თუმცა ადგილზე ჩასულებისთვის ნანახმა  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა..
ანდრო ფეიქრიშვილი:  – პირველი შთაბეჭდილება ძალიან მძიმე იყო, მაგრამ თავიდან მაინც გამიჭირდა იმის აღქმა, თუ რამდენად დიდი ტრაგედია მოხდა. დროთა განმავლობაში სულ  უფრო და უფრო ვაცნობიერებდი ამ ყველაფერს.
– რომელ ქალაქში იყავით? ციოდა და მკაცრ პირობებში როგორ ეძებდნენ მოქალაქეებს ძაღლები?

გიორგი ბერუკაშვილი: –  ქალაქ ადიამანში ღამე ტემპერატურა მინუს 6-7 გრადუსს უტოლდებოდა. დღისითაც დაბალი ტემპერატურა იყო. ჩასვლისთანავე მოეწყო საველე შტაბი. შეიქმნა ჯგუფები და კინოლოგები 2 ჯგუფში გადავნაწილდით. ყინვის და  ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, ძაღლებმა თავდაუზოგავად იმუშავეს, რამაც შედეგი გამოიღო და პირველივე საათებში ბელგიურმა მალინოამ, სახელად ტინტომ, ნანგრევებში აღმოაჩინა ცოცხალი ადამიანი, რამაც დიდი სიხარული და სტიმული მოგვცა მაშველებს.
ანდრო ფეიქრიშვილი:  – პირველად ჩავედით ქალაქ ადიამანში და იქ ვაწარმოებდით ძებნა-გადარჩენის ღონისძიებებს, ხოლო შემდეგ ჰათაის პროვინციაში გადავედით, რადგან იქ უფრო სჭირდებოდათ ქართველი მაშველების დახმარება.

–  სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი გადაარჩინეს თქვენმა ძაღლებმა – ემიმ და ტინტომ?

გიორგი ბერუკაშვილი: – ადგილზე ჩასულებმა მოვაწყვეთ საველე  შტაბი  და მუდმივი კონტაქტი გვქონდა ადგილობრივ მოქმედ ოპერატიულ მართვის ცენტრთან. მოგცეს კონკრეტული ნანგრევების ადგილმდებარეობა, სადაც  უნდა ჩაგვეტარებინა ძებნის ოპერაცია.  აღნიშნული ნანგრევების სირთულის გამო იქ წარმოუდგენელი იყო ცოცხალი ადამიანის აღმოჩენა, თუმცა იმედს არ ვკარგავდით  და დაუღალავად ვმუშაობდით ნანგრევებში, რომ აღმოგვეჩინა ცოცხალი ადამიანი და თუნდაც ერთი სიცოცხლე გადაგვერჩინა. თუმცა, სამწუხაროდ, მე და ემი იმ კონკრეტულ ნანგრევებში მხოლოდ გარდაცვლილ ადამიანებს ვპოულობდით…
ანდრო ფეიქრიშვილი: – თურქეთში ტინტომ დადასტურებულად მხოლოდ ერთი ცოცხალი ადამიანის გადარჩენის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
იყო შემთხვევები, როდესაც სხვა ქვეყნის მაშველებიც ითხოვდნენ ტინტოს დახმარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, დადასტურებულად არ ვიცით, თუ რა შედეგით დასრულდა ის ოპერაციები და შეძლეს თუ არა ცოცხლად ვინმეს ამოყვანა.

–  უმძიმესი ტრაგედიის ადგილიდან საინტერესო მოსაყოლი გექნებათ…

გიორგი ბერუკაშვილი: – ქალაქ ადიამანში მივიღეთ ინფორმაცია, რომ  ერთ – ერთ კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე – ორი და იყო მოყოლილი ნანგრევში.

გიორგი ბერუკაშვილი და თურქი ბიჭუნა, რომელსაც ორი და გარდაეცვალა

ადგილზე მივედით. ძაღლით გადავამოწმეთ ტერიტორია და 12-საათიანი  ძებნის ოპერაციის შემდეგ ძაღლმა იპოვა ერთი ადამიანის ცხედარი, რომელიც მაშველებმა  დაუღალავი შრომით ამოიყვანეს.
მეორე დღეს გავაგრძელეთ მეორე დის ძებნის ოპერაციაც. 15-საათიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად მეორე დაც ვიპოვეთ, სამწუხაროდ,   მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
დაღლილი იქვე ახლოს ასფალტზე  ჩამოვჯექი. ამდენსაათიანი მუშაობის გამო ემი ფეხზე ძლივს დგებოდა… რამდენიმე წუთით დასასვენებლად გავჩერდით. ამ დროს  მოვიდა  ძმა ამ დებისა, რომელთა ცხედრებიც ორ დღეს ვეძებეთ და ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან,  დაღლილ ძაღლს მოუტანა წყალი,  ხელის გულზე დაისხა წყალი და ძაღლს ისე დაალევინა. მეც მომიტანა წყალი დასალევად და  კანფეტი გამომიწოდა, თან აცრემლებული თვალებით მადლობას მიხდიდა, რომ გარდაცვლილი და მაინც  ვიპოვეთ და ოჯახს მიეცა მათი დაკრძალვის შესაძლებლობა.
ეს იყო დიდი შვება, მწარე, თუმცა ამაზეც მადლიერები იყვნენ. გადამეხვია თვალაცრემლებული ბიჭუნა და მადლობას მიხდიდა. მთხოვა, სურათის ერთად გადაღება. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და ემოციური მომენტი, როდესაც 2 ცხედრის პოვნის გამო პატარა ბიჭუნა  მადლობას გვიხდიდა და მადლიერებას გამოხატავდა.

ანდრო ფეიქრიშვილი:  – ქალაქ ადიამანში, ქართველი მაშველების დახმარებით,  ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის მეუღლის ცხედარი ამოასვენეს ნანგრევებიდან. ეს ადამიანები ქართველი მაშველებისთვის მადლიერების ნიშნად დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ. .

მაშელი ძაღლი -ტინტო და ანდრო ფეიქრიშვილი

– ქართველი მაშველების გმირობისა და თავგანწირვის მაგალითებს თურქული მედია აქტიურად აშუქებდა. როგორი იყო თურქი მოსახლეობის დამოკიდებულება ქართველი  მაშველების მიმართ? თურქეთმა, მადლიერების ნიშნად, მაშველი ძაღლები თვითმფრინავის პირველი კლასის ბილეთით დააბრუნა თავიანთ ქვეყნებში…

გიორგი ბერუკაშვილი:  – თურქ მოსახლეობას უხაროდა ქართველების გამოჩენა, თვალებაცრემლებულები მადლიერებას გამოხატავდნენ… იმედის ნაპერწკალს ვუღვივებდით და სულმოუთქმელად ელოდნენ, მათი სახლის ნანგრევებში შევსულიყავით, რათა გვეპოვა ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანი და ამოგვეყვანა ნანგრევებიდან. ამაყები ვიყავით, რომ ჩვენი უდიდესი იმედი ჰქონდათ. გვაფასებდნენ, ყოველდღიურად  გამოხატავდნენ მადლიერებას. ეს იყო ძალიან ემოციური წუთები….
ასევე ვემადლიერებით თურქ  ხალხს, რადგან  ჩვენი  გვერდში დგომა  სიკეთით დაგვიბრუნეს უკან.
ანდრო ფეიქრიშვილი: – თურქების დამოკიდებულება ქართველების მიმართ აღსანიშნავად განსაკუთრებული და პოზიტიური იყო.  ხედავდნენ, რომ თავს არ ზოგავდა არავინ  და ყველა ცდილობდა, თავისი ოჯახის წევრების მოსაძებნად ქართველებისთვის ეთხოვა დახმარება.

–   რა განცდაა, როდესაც სხვა უნდა გადაარჩინო?
გიორგი ბერუკაშვილი: –  ჩვენი მიზანი  ის არის, რომ უნდა გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე.  ეს  უდიდესი ბედნიერების სიხარულის,  მოტივაციის  და უსაზღვრო დადებითი ენერგიის მომტანი გრძნობაა. როდესაც უიმედოდ დარჩენილი ადამიანის ბოლო იმედის ნაპერწკალი ხარ…
ანდრო ფეიქრიშვილი:  – ასეთ დროს ვფიქრობ, რომ მთლად ტყუილადაც არ მიცხოვრია…

– ჰობი…

გიორგი ბერუკაშვილი:  –  ჩემი ჰობია მუსიკა. ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე: სალამურზე,  ფანდურზე, ფორტეპიანოზე, დოლსა  და ტამტამზე..
ანდრო ფეიქრიშვილი:  –  ჩემს შემთხვევაში,  ჩემი ჰობი იქცა ჩემს პროფესიად.

–  ოჯახში როგორ უყურებენ თქვენს პროფესიას? ალბათ  ღელავენ, რადგან რისკს უკავშირდება…

გიორგი ბერუკაშვილი:  –  ოჯახში ვართ:  ჩემი მეუღლე. შვილი ეკატერინე, 4 წლის, ბებიის მოსახელე.  მამა გოჩა ბერუკაშვილი – მაშველი კინოლოგი…
რა  თქმა უნდა, აღნიშნულ შემთხვევას უდიდეს საფრთხედ განიცდიდნენ და აღიქვამდნენ,  თუმცა გაგებით მოეკიდნენ იმას, რომ ჩემი მიზანი იყო სხვისი სიცოცხლის გადარჩენა. ნანგრევებშიც მიწისძვრამ მოგვისწრო…  სადაც ცოცხალი ადამიანის პოვნის იმედი იყო და საკუთარი სიცოცხლე გავრისკე,  ასევე იმ მაშველმა,  რომელიც შემომყვა  ნანგრევებში.  თუმცა, სამწუხაროდ, იქაც ძაღლმა გარდაცვლილი ადამიანი დამიფიქსირა.
როტაციის შემდეგ ჩვენ კვლავ განვაგრძეთ მუშაობა.  მისიის ბოლო დღემდე დავრჩით ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში.
ანდრო ფეიქრიშვილი:  – მყავს მშობლები  და  და-ძმა. ჩემი პროფესიით  ამაყობენ და როდესაც იციან, რომ ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც მომეტებული საფრთხის შემცველი  ზონაა – ბუნებრივია,  ღელავენ კიდეც.

თამარ  შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები