“შესაშური არ იქნება მათი ბედი, ვინც სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უკრაინისგან დარჩენილ ნაგლეჯს უხელმძღვანელებს” – მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ შესაშური არ იქნება მათი ბედი, ვინც “სპეცოპერაციის” დასრულების შემდეგ იმ ნაგლეჯს უხელმძღვანელებს, რაც უკრაინისგან დარჩება, რადგან “მათ მართვას ნაციონალისტები აგრძელებენ და უკრაინაში სხვა იდეოლოგია არც არსებობს”.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“შემდეგ, დიდი ალბათობით, დაიწყება არანაკლებად რთული დრო. წინააღმდეგობის დამღლელი თვეები და წლები, ისტერიკა და უხეშობა მათგან, ვინც უხელმძღვანელებს იმ ნაგლეჯს, რაც უკრაინისგან დარჩება. მათი ბედი შესაშური არ იქნება”, – ამბობს მედვედევი.
მისი განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება „ვერ შეძლებს სპეცოპერაციის შედეგების აღიარებას, რადგან იმავე დღეს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ”.
“ნაციონალისტები გააგრძელებენ პროსახელისუფლებო კამარილიის კონტროლს, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს სხვა იდეოლოგია, გარდა ბანდერას ნეონაციზმისა. დამარცხების აღიარება მათთვის სიკვდილის ტოლფასია”, – წერს მედვედევი.