პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში მოისმინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატებს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა. მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობისთვის. მისივე თქმით, კომიტეტის საქმიანობა გასულ წელს საკმაოდ მასშტაბური და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის როგორც კომიტეტის წევრებს, ასევე კომიტეტის აპარატს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა,

საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული საქმიანობა და კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა.

საანგარიშო წელს კომიტეტმა ჩაატარა 52 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კი კომიტეტმა განიხილა: 72 საკანონმდებლო ინიციატივა (305 კანონპროექტი) – მათ შორის 38 საკანონმდებლო პაკეტი (271 კანონპროექტი) და 34 ცალკეული კანონპროექტი. მათგან წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 6 საკანონმდებლო ინიციატივა (29 კანონპროექტი); 1 დადგენილების პროექტი(განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 7 საკანონმდებლო წინადადება (ყველა განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 2 პეტიცია (ორივე პეტიცია განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 2 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული 20 ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი 2 ალტერნატიული ანგარიში (მათგან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულია 7 ანგარიში); 2 ვაკანტურ თანამდებობაზე 21 პირის არჩევაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი (ორივე განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით); 16 ორგანიზაციული და სხვა საკითხი.

2022 წელს კომიტეტმა განიხილა 20 ანგარიში, შექმნა 5 სამუშაო ჯგუფი, დაიწყო მუშაობა 1 თემატურ მოკვლევაზე, ხოლო სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით გაგზავნა 460 სადეპუტატო კითხვა. კითხვების ძირითადი ადრესატები იყვნენ აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებები. დასმული კითხვების თემატიკა მოიცავდა: მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა უფლებებს, ადამიანის უფლებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტებში სოციალური საქმიანობას, შშმ პირთა საჭიროებებს, კორონავირუსზე რეაგირების ღონისძიებებს, ქალთა უფლებებს, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, განათლებას, ევროინტეგრაციას, სასამართლო სტატისტიკას, ადმინისტრაციულ წარმოებას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ბავშვთა უფლებებს და სხვა.

ამასთან, კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მხრივ. მნიშვნელოვანი იყო კომიტეტისთვის ემუშავა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12-პუნქტიან გეგმაზე.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სულ შევიდა მოქალაქეთა 2508 განცხადება. მათზე რეაგირების სახით, კომიტეტიდან გაიგზავნა 1939 წერილი.

კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა და ერთობლივი ღონისძიება როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები