იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტსა და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი დროებითი წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილება ეხება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ორ საკითხზე.
„მოქმედი რედაქციით „გენდერული კვოტირების“ წესი 2032 წლამდეა დადგენილი, როგორც პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ წესის განსაზღვრა მოხდეს 2032 წლის ჩათვლით.
ასევე, დღეს მოქმედი რედაქციით, ქალი არჩეული დეპუტატის, თუ საკრებულოს წევრის გასვლის შემთხვევაში, სიაში ადგილმდებარეობის მიუხედავად, მის ადგილს მომდევნო ქალი იკავებს და მამაკაცის შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლე მამაკაცი ხდება.
იმისათვის, რომ გენდერული კვოტა უფრო გავაძლიეროთ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მამაკაცის გასვლის შემთხვევაში ვისაც სიით უწევს, ეს შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი, ასევე ქალი, ის შემოვა პარლამენტში ან შესაბამის საკრებულოში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, წარდგენილი პროექტის აღნიშნული ძირითადი პრინციპული თემები თანხვედრაშია საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებასთან და 2021 წლის შესაბამის განჩინებასთან.