დავით ბაქრაძის სიმამრი ადასტურებს, რომ 400 ათასი აშშ დოლარი შვილს და სიძეს გადასცა

პარლამენტის უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის სიმამრი ადასტურებს, რომ 400 ათასი აშშ დოლარი მის შვილს მაკა მეტრეველს და სიძეს წლების წინ გადასცა. როგორც ლერი მეტრეველმა „კვირას“ განუცხადა, კრწანისის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლი შვეიცარიის საელჩოს 2002 წელს 400 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა, თანხა კი შვილს – მაკა მეტრეველს მას შემდეგ გადასცა, რაც მისი ვაჟი მამუკა მეტრეველი 2004 წელს გარდაიცვალა.
„2002 წელს კრწანისის ქუჩა N 11-ში მდებარე ჩემი კუთვნილი საკუთარი სახლი მქონდა აშენებული, ის სახლი შვეიცარიის საელჩომ 400 ათას აშშ დოლარად შეიძინა. მაშინვე ყველა დოკუმენტი ოფიციალურად გადავაფორმეთ და დღემდე შენობა შვეიცარიის საელჩოს ეკუთვნის.
ვინაიდან ვაჟი გარდაცვლილი მყავს, ეს თანხა გადავაბარე ჩემს შვილს მაკა მეტრეველს. ამასთანავე, დავწერე, რომ ეს თანხა არის ჩემი შვილიშვილებისთვის, ჩვენ უკვე საკმაოდ ხნიერები ვართ და ეს თანხა სამ შვილიშვილზე უნდა გადანაწილებულიყო. თანხა უკვე დიდი ხანია, რაც ბანკში ინახება. როდესაც ეს სახლი გავყიდე, მერე საირმის გორაზე ნაკვეთი შევიძინე და სახლის აშენებისთვის მაშინ, თანხის ნაწილი გამოვართვი, რომელიც მერე უკანვე დავუბრუნე. ამის შემდეგ, ამ თანხას განკარგავენ ჩემი შვილი მაკა და მისი მეუღლე დავით ბაქრაძე“, – აღნიშნა ლერი მეტრეველმა „კვირასთან“ საუბრისას.
ლერი მეტრეველი არ ამხელს თუ რატომ დასჭირდა დავით ბაქრაძეს და მის მეუღლეს მაინცდამაინც ახლა ინგლისის ბანკში ანგარიშის დახურვა. ამასთან, დეპუტატის სიმამრისთვის უცნობია, თუ რატომ არ მიუთითა აღნიშნული თანხა, მისმა სიძემ, როგორც საჯარო პირმა, ქონებრივ დეკლარაციაში.
„წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ მიუთითა. ეს ალბათ დათოსთან უნდა გაარკვიოთ. ნამდვილად არ ვიცი“, – აღნიშნა ლერი მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხა 2002 წელს სიმამრისგან მიიღო.
„2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის. სახლის მესაკუთრე გახლდათ ჩემი სიმამრი, ლერი მეტრეველი. შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი.
სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, პროკურატურამ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები