თურქეთის შს მინისტრი – აშშ-ის ელჩს: ხელები შორს თურქეთისგან

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აშშ-ს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მცდელობაში სდებს ბრალს და აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართავს –  „შორს ხელები თურქეთისგან“.

„აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ, როგორ გინდათ, შეარყიოთ თურქეთი“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტალიაში ბრიფინგზე.

მანამდე, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და აშშ-მა გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები, რომ თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმების რისკი გაზრდილია. ამის გამო რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ თურქეთში განლაგებული დიპლომატიური მისიების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ევროპაში გამართული აქციების დროს ყურანის დაწვას.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღნიშნეს, რომ „სიცრუეს წარმოადგენს ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ-ის მთავრობას კავშირი აქვს თურქეთის დესტაბილიზაციის ძალისხმევასთან ან მხარს უჭერს ამას“. უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთი არის ნატოს ღირებული მოკავშირე და აშშ-ის პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები