“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ბაქრაძის მიერ ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თუ უცხოურ ბანკში გახსნილი ანგარიში 2013 წელსაც არსებობდა, სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი.
“გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვის შესახებ. საინფორმაციო მასალას თან ახლავს უცხოური ბანკის წერილები, რომელშიც მოხსენიებულია დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები (261,757.83 გირვანქა სტერლინგი). პარლამენტის წევრი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, მათ შორის ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებსა და შენატანებზე. დავით ბაქრაძის მიერ 2014 წლის 3 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში (https://declaration.gov.ge/declaration/947171) ინფორმაცია ზემოხსენებული საბანკო ანგარიშის შესახებ არ არის მითითებული. თუ გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება და უცხოურ ბანკში გახსნილი ანგარიში 2013 წელსაც არსებობდა, სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტის წევრთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების არასრულფასოვნად შევსება მუდმივი პრობლემაა და დღეისათვის არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისწორეს პროაქტიულად შეამოწმებს.
ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ინტერესდება, რა გზით მოხვდა ინფორმაცია მედიაში.|
“შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში მეორე სახის კანონდარღვევაც გამოიკვეთოს. ინფორმაცია პირის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი). სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული”, – ნათქვამია განცხადებაში.