ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მხოლოდ ხუთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი.
„პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ომი შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ ისრაელის პირობები შესრულდება: 1) ყველა მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე გარდაცვლილის, გათავისუფლება; 2) „ჰამასის“ განიარაღება; 3) ღაზას სექტორის დემილიტარიზაცია; 4) ისრაელის კონტროლი ღაზას სექტორში უსაფრთხოებაზე; 5) ალტერნატიული სამოქალაქო მთავრობის შექმნა, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ისრაელს“, – აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელელი მძევლის, გაი გილბოა დალალის ვიდეო გაავრცელა მისი გატაცებიდან მე-700-ე დღეს.
„ვერც ერთი ძალადობრივი პროპაგანდისტული ვიდეო ვერ შეასუსტებს ჩვენს მონდომებას და არ გადაგვატანინებს ყურადღებას ამ მიზნების მიღწევისგან“, – დასძინა ნეთანიაჰუს ოფისმა.
ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში 48 მძევალია აყვანილი, რომელთაგან ნახევარზე ნაკლები ცოცხალია.