კარნი: კანადა აშშ-ს სანდო სავაჭრო პარტნიორად აღარ მიიჩნევს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკული ტარიფებისა და აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკაში ცვლილებების გამო, ოტავას აღარ შეუძლია დაეყრდნოს ვაშინგტონს, როგორც სავაჭრო სფეროში საიმედო პარტნიორს.

მისისაგში გამოსვლისას, სადაც მთავრობა ფოლადის მწარმოებლებისა და კანოლას მწარმოებლებისთვის დახმარების პაკეტს ამზადებს, კარნიმ გლობალურ ვაჭრობაში მიმდინარე მოვლენებს „გარღვევა და არა გარდამავალი პერიოდი“ უწოდა.

მისი თქმით, აშშ-ის ტარიფები, რომლებიც 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა, ვრცელდება ქვეყნების უმეტესობასა და საქონლის პრაქტიკულად ყველა კატეგორიაზე.

„ახლა, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაზე წვდომის მოსაპოვებლად, ქვეყნებმა ეს ფაქტობრივად უნდა შეიძინონ – ინვესტიციების და სავაჭრო პოლიტიკაში ცალმხრივი ცვლილებების გზით. ეს ხდება გლობალური არეულობის, გეოპოლიტიკური ცვლილებების, ტექნოლოგიური რევოლუციისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობის ფონზე“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯების გავლენა უკვე იგრძნობა: მუშები კარგავენ სამსახურს, ათწლეულების განმავლობაში აგებული მიწოდების ჯაჭვები ინგრევა, კომპანიები იძულებულნი არიან შეცვალონ ნედლეულის წყაროები, ხოლო გაურკვევლობა აფერხებს ინვესტიციებს და ანელებს ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენ ამას დღეს ვხედავთ კანადის დასაქმების შესახებ ანგარიშში, რომელიც აჩვენებს უმუშევრობის ზრდას რეგიონებსა და სექტორებში“, – თქვა კარნიმ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ფორმალურად კანადას შეერთებულ შტატებთან უკეთესი სავაჭრო პირობები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტნიორს:

„დღესდღეობით, ამერიკასთან ჩვენი ვაჭრობის 85% უბაჟოა და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტარიფები გვაქვს. თუმცა, რეალობა შეიცვალა: ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ახალი პირობების თანახმად, კანადას აღარ შეუძლია დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, როგორც ეს ადრე იყო“, – განაცხადა კანადის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები