ნინო წილოსანი: პრეზიდენტის შეწყალების აქტი იყო „ლელოსა“ და მათი ლიდერების კიდევ ერთი მარცხის გაფორმება, რადგან სურდათ, რომ კანონსსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის ლოგიკური სასჯელი – საპატიმრო მანიპულაციისთვის გამოეყენებინათ
„ლელოს“ ლიდერები თავისუფლებაზე არიან. როგორ ჩანს, უკვე ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა, როგორია მათი მორალური თუ ლოგიკური სახე, ეს ადვილად შეუძლია მათ ამომრჩეველს ნახოს და განსაჯოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის შეწყალების აქტი იყო „ლელოსა“ და მათი ლიდერების კიდევ ერთი მარცხის გაფორმება, რადგან სურდათ, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისთვის ლოგიკური სასჯელი საპატიმრო გამოეყენებინათ მანიპულაციისთვის და ეთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრობა. წილოსანის განმარტებით, პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების ფაქტმა ყოველგვარი მანიპულაციების გაკეთების შესაძლებლობა მოსპო.
„ერთი მხრივ, თუ როგორი კეთილსინდისიერები არიან ისინი, როდესაც ატყუებენ ამომრჩეველს, რომ თეთრზე შავით დაწერილი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება და ამის შედეგად მათთვის მისჯილი სასჯელი, რომ თითქოს, პოლიტიკური პატიმრობაა – ეს პირდაპირ მოტყუებაა მათი ამომრჩევლის. მეორე მხრივ, მათი მორალური სახეა ის, რომ სწორედ ასეთი უპასუხისმგებლო ლიდერების მხრიდან ანგაჟირებული ახალგაზრდები, თუ სხვები, ვინც იმ აქციაზე მავნებლობასა და ექსტრემისტულ აქტივობებს სჩადიოდნენ, მათი ნაწილი სწორედ სასჯელს იხდის, ხოლო ეს ლიდერები თავისუფლებაზე არიან. ამიტომ, როგორი მორალური სახეა, ესეც საინტერესოა. როგორი საქმის კეთება შეუძლიათ ამ ადამიანებს, ანაკლიის ჩაშლილი პროექტია, მათ შორის, მათი მხრიდან გადახდილი მილიონობიდ დოლარი საქართველოს სასარგებლოდ და ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციას სრული უმრავლესობა ჰქონდა და მართავდა მათი მერია-საკრებულოიანად. იქ არ გაკეთებული საქმეები ეს არის სწორედ მათი უნდარი, როგორ შეუძლიათ პროცესების მართვა“, – განაცხადა წილოსანმა.