ვატო შაქარიშვილი – „ენჯეოების“ დაფინანსებაზე: ეს ისე არის „პირბადეების საქმე“, როგორც სისხლიანი სააკაშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტის გაძარცვა „პიჯაკების საქმე“ – ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას
ეს ისე არის „პირბადეების საქმე“, როგორც სისხლიანი სააკაშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტის გაძარცვა „პიჯაკების საქმე“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი პიარ-ტექნოლოგიებია და ერთი პატრონი ჰყავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
აღნიშნულით იგი „ენჯეოების“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა, რომ მათ მიერ შეძენილი ნივთები გამოიყენებოდა აქციებზე მათი თანამშრომლებისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.
საუბრისას შაქარიშვილმა ჩამოთვალა ის ფონდები და საელჩოები, რომლებიც პროკურატურის მიერ დაყადაღებულ 7„ენჯეოს“ აფინანსებდნენ.
„ჩვენ დღეს დავიწყეთ კამპანია, სადაც ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გვსურს, მივაწოდოთ ინფორმაცია იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ვინ აფინანსებს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, გადატრიალებებს, არეულობას. მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი, ამას პროკურატურის მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ თითოეული ის შაშხანა, რომელსაც იყენებდნენ ჩვენი გმირი პოლიციელების წინააღმდეგ, თითოეული ის „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელსაც ისროდნენ პარლამენტის შენობაში, რათა იქ ხანძარი გაეჩინათ, არის ნაყიდი ევროკავშირის ფულით. ეს პროცესები, ეს ცეცხლი რუსთაველზე, გადამწვარი პარლამენტის შენობა და მიზანმიმართული ქმედებები იმისთვის, რომ დამდგარიყო მსხვერპლი, არის დაფინანსებული, ორგანიზებული ევროკავშირის მიერ. შესაბამისად, აქ ჩნდება მარტივი კითხვა – შეიძლება, თუ არა ასეთ პირობებში, კვლავ ეროვნულ ამოცანად რჩებოდეს ისეთი კავშირისკენ სვლა და ისეთ კავშირში გაწევრიანება, რომელიც ამ ყველაფერს აფინანსებს ჩვენს ქვეყანაში, უკვე წლებია?!
ჩვენ ევროკავშირმა უკვე ძალიან ნათლად და მკაფიოდ გვითხრა, უკვე დოკუმენტის სახით, რა ფასის გადახდას ითხოვს ჩვენგან იმისთვის, რომ თუნდაც, მოჩვენებითად მაინც დაგვაწინაუროს ევოკავშირისკენ გზაზე გარდა იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ საჯაროდ ვხედავთ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, მათი კამპანია ერთჯერადი არ იქნება და „მხოლოდ იმას არ ამხელს, თუ რაში იხარჯება ევროკავშირის ფული“.