არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, არის ის, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო X-ზე წერს.
მისი თქმით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
„ზელენსკის თქმით, „უცნაურია“, რომ უნგრეთი უარყოფს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან რუსეთიც კი არ ეწინააღმდეგება ამას. კიდევ ერთხელ, ზელენსკი საკუთარი სტანდარტებით მსჯელობს.
ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია საზღვარგარეთიდან არ არის ნაკარნახევი. ჩვენ არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ჩვენ ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, არის ის, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი და მათ ნათლად განაცხადეს: მათ არ სურთ უკრაინის ევროკავშირში ყოფნა, რადგან ეს გაანადგურებს ჩვენს ფერმერებს, ჩვენს შრომის ბაზარს და ჩვენს უსაფრთხოებას.
ასე რომ, რუსეთის გავლენის როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს ზელენსკის, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს“, – წერს სიიარტო X-ზე.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქვეყნის კანონიერი არჩევანია.