ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში აშშ-ის დახმარებას დათანხმდა

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე აშშ-ის მხარდაჭერას დაეთანხმა.

„ჩვენ შეგვიძლია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ამ მხარდაჭერის პირობები ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. თუმცა, ჩვენ ამ პრინციპს ვეთანხმებით“, – აღნიშნა მან Express-თან ინტერვიუში.

ფინეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება იყოს აშშ-ის მხრიდან.

მისი თქმით, მათი საჰაერო ფარი ძალიან სასარგებლო იქნებოდა, რადგან ეს ფაქტობრივ ცეცხლის შეწყვეტას შექმნიდა და დასძინა, რომ მათი სადაზვერვო დახმარებაც უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება სამხედრო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ის პოლიტიკურად ამოქმედდება, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა დამყარდება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თავმჯდომარეობით, შერეული ფორმატით გაიმართა. მაკრონმა განაცხადა, რომ 26-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში შემაკავებელი ძალები განალაგოს. მან ასევე თქვა, რომ „მსურველთა კოალიცია“ მალე დაიწყებს მუშაობას კიევის უსაფრთხოების გარანტიების სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები