„ყველა ნამუშევარი თავისით ირგებს ლექსის სტრიქონს ან მუსიკას, ისინი ერთმანეთს პოულობენ და  ავსებენ“…

დაიბადა კასპის რაიონში. 3 წლის ასაკში გეოგრაფიის კარგად ცოდნის გამო მიენიჭა „თვალადელი ვუნდერკინდის“ წოდება. დაამთავრა თვალადის საშუალო სკოლა, რომლის  კედლებშიც დაიწერა „იავნანამ რა ჰქმნა“.
ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული. ფერწერით 40 წლის ასაკში დაინტერესდა, თვითნასწავლი მხატვარია. ფერთა სიმრავლეს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომაც მისი შემოქმედება ხასიათდება ფერადოვნებით. ფიქრობს, რომ  სიყვარულის უნარი აუცილებელია შემოქმედებაში და თითოეული  ნამუშევარი  მისივე სულიერი მდგომარეობის ანარეკლია.
მყავს მეუღლე და 3 შვილი; ხატვის ნიჭი პანდემიის დროს აღმომაჩნდა და ეტაპობრივად დავიხვეწე; მაქვს ნახატების პერსონალური გვერდი“. – ნანა ქავთარაძის პერსონა.

– ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და მუსიკით ვიყავი გატაცებული. ხატვის ინტერესი თითქმის  არ მქონია.
პროფესიით  ქიმიკოსი ვარ. ხატვა პანდემიამდე 3 თვით ადრე დავიწყე – ფერებით ყვები შენს შინაგან სამყაროზე და განცდებზე.
– ხატავთ ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს…
– ჩემი სტიქია მაინც ფერებია. ხეზე ნამუშევარს ზეთის საღებავში, რომელსაც „სიყვარულის ემოცია“ ვუწოდე და, ფაქტობრივად, ერთი ხელის მოსმით დაიხატა. ამჟამად ცნობილი კოლექციონერის სახლის კედელს ამშვენებს.
– რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი…
– ეს ნამუშევარი თითქმის სიზმრად ნანახია და მოგვიანებით გადავიტანე ტილოზე. უამრავი მსურველის მიუხედავად, გასაყიდად ვერ გავიმეტე. 2 წლის შემდეგ შემეხმიანა შესანიშნავი მწერალი, პოეტი, ფილოლოგი ქალბატონი  დარიკო ფიფია, რომელმაც მთხოვა, რომ ეს ნახატი სურდა მისივე შესანიშნავი წიგნის – „ორი მზე“ გარეკანის გასალამაზებლად, რაზედაც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მივხვდი, რომ ეს ნამუშევარი განსაკუთრებულ შეხვედრას უცდიდა.
–  ქველმოქმედიც ხართ. სხვებს ეხმარებით…
– ამ საკითზე საუბარი ცოტა მიჭირს. მიმაჩნია, რომ ეს საქმე დაფარულად უნდა კეთდებოდეს, თუმცა გვერდის გამომწერების გარეშე  ძნელია თავის გართმევა. ქველმოქმედება სტიმულს აძლევს მყიდველს და ასე ვამართლებთ გამონათქვამს – „ძალა ერთობაშია“. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი საშუალებით თითოეულ მათგანს.
–  თქვენს გვერდზე  NANU ART/nana kavtaradze უამრავი ყვავილია დახატული. როგორ ხატავთ ყვავილებს,  რომელი ყვავილი გიყვართ?
– ფერებს წამყვანი როლი ენიჭებათ ჩემს შემოქმედებაში. ყვავილები კი ამის საუკეთესო  საშუალებაა. ჩემი საყვარელი ყვავილი კესანეა.
– ონლაინგვერდით მნახველები ნამუშევრებს ეცნობიან. რამდენად კმაყოფილი ხართ მატერიალური თვალსაზრისით? ძირითადად, რომელი ნამუშევრები მოსწონთ?
– მატერიალური თვალსაზრისით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია მყიდველისგან წამოსული დადებითი ემოცია. ასე ჩემებურად ვავრცელებ სიყვარულის ენერგიას, ურომლისოდაც ვერ გადავრჩებით. ჩემი ოცნებაა, საჩუქრად ვაძლევდე ნახატებს, იმდენად ბევრია მსურველი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. მომავალში ვნახოთ…
– შთაგონება…
– ახლა რომ ვფიქრობ, დედის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გაუსაძლისი სულიერი ტკივილები სულში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩემს შემთხვევაში ისინი ყვავილებად გაიშალნენ, ყოველდღიურობაში კი, შთაგონებას რაც შეეხება – შეიძლება ძირს დაგდებული ფოთოლიც იყოს, წვიმიანი ამინდიც, ასევე მუსიკა მნიშვნელოვანია შემოქმედებით პროცესში.
– თქვენს ნამუშევრებს პოეტების ციტატები უძღვის წინ… ალბათ ლექსების მიხედვითაც ხატავთ…
– ყველა ნამუშევარი თავისით ირგებს გამონათქვამს ან ლექსის სტრიქონს, ან მუსიკას. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ისინი ერთმანეთს პოულობენ და  ავსებენ. მგონი, აქ  ჩემი გავლენა უმნიშვნელოა.
– ჰობი…
– პირველ რიგში, ხატვა და ასევე – ლექსების წერა, რომელიც ჯერ ჩემს თვალსაწიერს არ გასცილებია. ვნახოთ…
–  გაგვაცანით ოჯახი…. როგორ გეხმარებათ ოჯახი შემოქმედებით საქმიანობაში…
– შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა. არ არის ადვილი. შენდაუნებურად, ყურადღებას აკლებ მათ და ეს რაღაცით უნდა დააბალანსო. ყველა თავისებურად  მეხმარება და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. განსაკუთრებული მადლობა – მეუღლეს.
– „გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება“… როგორ ემზადებით გაზაფხულის შესახვედრად?
– ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, სულში განსაკუთრებული მზადება არც სჭირდება. ყველა სეზონის შემობრძანება თავისებურად მიგზავნის მუზას, ჩემს ტილოებთან იების და მინდვრის ყვავილების რიგია ახლა და ვხვდები, რომ ახლოსაა გაზაფხული.
–  გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– არაერთ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა ჯგუფურად, თითო  ნამუშევრით. მაგრამ მსურს გავაკეთო პერსონალური გამოფენა. ასევე მაქვს სხვა გეგმებიც, რომლებზედაც ახლა ვერ ვისაუბრებ. ვნახოთ… „მე ჩემი გზებით და იმედებით, სულ სხვანაირად ვარ ბედნიერი” (ო. ჭილაძე).

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები