„ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექინსპექტირება აქამდე, რეალურად, იყო შრომა ანაზღაურების გარეშე, დღეიდან ის ფასიანი ხდება“ – ვაჟა იორდანიშვილი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექინსპექტირება აქამდე, რეალურად, იყო შრომა ანაზღაურების გარეშე, დღეიდან ის ფასიანი ხდება“, – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იორდანიშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების წესში ამოქმედებულ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.

„დღეს 1-ელი თებერვალია, შესაბამისად, ტექინსპექტირების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. 2023 წელს რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი ცვლილება განმეორებით ტექინსპექტირებას ეხება. 1-ელი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება და ის ღირებულების დაახლოებით 30 %-ს შეადგენს. მსუბუქი ავტომობილებისთვის ეს 20 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის 30 ლარი, მისაბმელიანებისთვის კი 20 ლარი იქნება. რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილება: მინდა, გითხრათ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინპექტირება დღემდე 60 ლარი ღირს, ანუ, ფაქტობრივად, მეექვსე წელია საფასურის ერთი და იგივე ნიშნული გვაქვს, რამაც ტექინპექტირების სფეროში თავად ცენტრების მიმართულებით საკმაოდ დიდი სირთულეები გამოიწვია. ცენტრებისთვის არსებული საფასურის პირობებში შენობა-ნაგებობების, გამზომი ხელსაწყოების მოვლა-პატრონობა, მათი მუდმივი განახლება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პერსონალის შენარჩუნება, მათი წახალისება რთული გახდა. ამ სფეროში პერსონალი რეალურად საკმაოდ კვალიფიციურია, რაც მათ ყოველწლიურ სერტიფიცირებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთანაა დაკავშირებული. ასეთი კადრების შენარჩუნება საკმაოდ რთულია, როდესაც ანაზღაურების მიმართულებით მათი წახალისება ვერ ხერხდება, კადრების მუდმივი გადინება ხდება. მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ინსპექტირების საფასურის ნიშნული იგივე დატოვა, 60 ლარი დარჩა, განმეორებითი ინსპექტირება კი, რომელიც აქამდე საფასურის გარეშე იყო (ანუ რეალურად ეს არის შრომა ანაზღაურების გარეშე), დღეიდან ფასიანი ხდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც იანვრის თვეში დახარვეზდა და განმეორებითი ინსპექტირება თებერვალში უწევთ, იხდიან ამ საფასურს, 20 ლარს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

მანვე რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული სხვა ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.

„ასევე, ის 2 ცვლილება უნდა აღინიშნოს, რომელიც უკვე 2023 წლის 1 -ელი იანვრიდან მოქმედებს: გამონაბოლქვის ნორმა, ნახშირჟანგის შემცველობა შემცირდა, მაქსიმალური დასაშვები ნორმა გახდა 0,55 % , რომელიც მანამდე 0,6 %-ს შეადგენდა. აღნიშნული ცვლილებები რამდენიმე ეტაპადაა გაწერილი და 2024 წელში აღნიშნული ნორმა კიდევ უფრო გამკაცრდება. 2025 წლიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას კატალიზური გარდამქმნელის გამართულად მუშაობა მოეთხოვება. შესაბამისად, ე.წ. ევროპული ნორმა შემოდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც 2023 წელს ძალაში შევიდა, ხმაურზე ავტომობილების შემოწმებაა. იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ტექინსპექტირებაზე მომატებულ ხმაურთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვს გამოიწვევს, ინსპექტორი სპეციალური გამზომი ხელსაწყოს მეშეობით გადაამოწმებს, სადაც დეციბალები იზომება. შემუშავებულია შესაბამისი გრადაცია როგორც ბენზინისძრავიანი სატრასპორტო საშუალებების, ისე დიზელისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე, კატეგორიების მიხედვით – იქნება ეს მსუბუქი, სატვირთო თუ სამგზავრო. ნორმა საკმაოდ ლოიალურია ხმაურთან დაკავშირებითაც რამდენიმე ეტაპადაა განსაზღვრული, რომ პირდაპირ მკაცრი რეგულაცია არ ყოფილიყო. სავარაუდოდ, დახარვეზდება მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აშკარად მომატებული ხმაურით გამოირჩევიან, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია დიდ ქალაქებში როგორც დღისით, ასევე, ღამის საათებში. ესაა ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც რეგლამენტში 2023 წელს შევიდა“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.

დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით: მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი. მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი. ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები